„თბილისის სატრანსპორტო კოლაფსის განტვირთვა სწრაფი საგარეუბნო მატარებლების განვითარების გარეშე შეუძლებელია“ | TCRC
„თბილისის სატრანსპორტო კოლაფსის განტვირთვა სწრაფი საგარეუბნო მატარებლების განვითარების გარეშე შეუძლებელია“, — ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ (TCRC) მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ მასალაში ვკითხულობთ.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ შეფასებით, გამჭოლი საგარეუბნო ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლის განვითარების გარეშე თბილისში გადატვირთულობა და სატრანსპორტო კოლაფსი უახლოეს ხუთ წელიწადში კიდევ უფრო დამძიმდება და შეუქცევად ტენდენციას მიიღებს, ხოლო მისი განმუხტვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
„თბილისის განტვირთვა ქალაქის საზღვრებს მიღმა იწყება, ქალაქს ნამდვილად გააჩნია საგარეუბნო სარკინიგზო პოტენციალის განვითარების შესაძლებლობა. ქვეყანაში შრომის ბაზრის არათანაბარი განაწილების პირობებში სახელმწიფოს ახლო მომავალში დედაქალაქში სივრცითი დაგეგმვისა და ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება მოუწევს.
თბილისის აგლომერაციის ფარგლებში გამჭოლი საგარეუბნო ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლის განვითარების გარეშე დედაქალაქში გადატვირთულობა და სატრანსპორტო კოლაფსი უახლოეს ხუთ წელიწადში კიდევ უფრო დამძიმდება და შეუქცევად ტენდენციას მიიღებს, ხოლო მისი განმუხტვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
მარტივი შედარებისთვის, დღეს თბილისის გადატვირთული მოძრაობის ფონზე, თუნდაც დედაქალაქის ცენტრიდან — ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სამგორში წასვლა და უკან დაბრუნება თითქმის იმავე დროს იკავებს, რამდენსაც თბილისიდან კასპში გამგზავრებას ესაჭიროება.
როდესაც თბილისის აგლომერაციის ფარგლებში გამჭოლი საგარეუბნო ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლის განვითარებაზეა საუბარი, აქ ძირითადად გორი — თბილისი — მარნეულის არეალი მოიაზრება.
ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანას ამ არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის მოდერნიზებული სარკინიგზო მატარებლების გამოყენების შესაძლებლობა და მათი დაუბრკოლებლად თბილისში ჩამოსვლა, დასაქმება ან მათთვის საჭირო სათანადო სერვისის მიღება და იმავე დღეს უკან დაბრუნება წარმოადგენს.
სადღეისოდ თბილისის სიახლოვეს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ძირითადი შემზღუდავი ფაქტორი ქვეყანაში სწრაფი საგარეუბნო მიმოსვლის არარსებობაა. ამიტომ სახელმწიფოსთვის, თბილისში გადატვირთულობის შესამცირებლად, სწორედ სწრაფი საგარეუბნო რკინიგზის განვითარება უნდა გახდეს პრიორიტეტული“, — წერია TCRC-ის განცხადებაში.

აქვე, TCRC იმავე კვლევაში საუბრობს თბილისის სატრანსპორტო გეგმის შესახებ, რომელიც დედაქალაქისთვის ხუთ ფინანსურად ტევად ინფრასტრუქტურულ პროექტს გამოყოფს. თუმცა, როგორც ცენტრი აღნიშნავს, ეს პროექტები ჯერ არც დაწყებულა. ესენია: დიდი დიღმის ქალაქის ცენტრთან სარკინიგზო კავშირი; სამგზავრო რკინიგზა; მეტროს მოდერნიზება; საბაგიროები; ტრანზიტზე ორიენტირებული განაშენიანება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს