"სამყაროს ეს შეცდომები უკვე გავლილი აქვს - საბერძნეთში ამით მანქანების რაოდენობამ მოიმატა" - მევლუდ მელაძე კენტ/ლუწ სანომრე ნიშნებზე
„მანქანა მხოლოდ ფუფუნების საგანი არ არის, ის არის იარაღი, რომელიც ოჯახის შესანახად გჭირდება“, — ამის შესახებ თბილისში საცობების პრობლემაზე საუბრისას საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, საცობების პრობლემას ლუწ-კენტი ნომრების სისტემა ვერ გადაჭრის, რადგან ეს სხვა ქვეყნების მაგალითზეც შეცდომა აღმოჩნდა და, პირიქით, ავტომობილების რაოდენობის ზრდა გამოიწვია.
„მსოფლიოში ბევრი მაგალითი არსებობს. როგორც კი ეს საკითხი გაჟღერდა, რა თქმა უნდა, დავჯექი და წავიკითხე. ამ თემაზე ბევრი ნაშრომია შექმნილი, რადგან სხვადასხვა ქვეყანამ მსგავსი ტესტები უკვე ჩაატარა.
ანუ, ჩვენს ირგვლივ სამყაროს ეს შეცდომები უკვე გავლილი აქვს. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა შეცდომადაა აღიარებული. მაგალითად, 1982 წელს საბერძნეთის დედაქალაქში მსგავსი წესი გამოსცადეს და მიიღეს. იქ აღმოჩნდა, რომ ყოველ წელს აახლებენ და მოდიფიკაციასაც განიცდის, წელსაც მოქმედებს, თუმცა დიდი ბრძოლაა გაჩაღებული, რომ ეს რეგულაცია გაუქმდეს.
დიდი ალბათობით, 2027 წელს თუ არა, 2028 წელს მაინც გაუქმდება. მათ ეს ყველაფერი უკვე გამოიარეს და მიხვდნენ, რომ ამან შედეგი ვერ მოიტანა. ამაზე ძალიან ვრცელი ნაშრომებია დაწერილი. ერთ-ერთი 420-გვერდიანია, თუ არ ვცდები, და თავიდან ბოლომდეა განხილული ის საფეხურები, რაც გაიარეს, და ის შედეგი, რომლამდეც საბოლოო ჯამში მივიდნენ.
ეს შედეგი კი ის იყო, რომ ავტომობილების რაოდენობამ მოიმატა. მერე იყო ბრძოლა, რომ ნომრები აღარ გაეცათ, ლუწები და კენტები. იმიტომ, რომ ადამიანი, ვისაც ავტომობილი სჭირდება… ჩვენთანაც ასეა: მანქანა მხოლოდ ფუფუნების საგანი არ არის, ის არის იარაღი, რომელიც ოჯახის შესანახად გჭირდება და რომლითაც, გადაადგილების გარდა, საქმეს აკეთებ“, — განაცხადა მევლუდ მელაძემ.
წყარო - bpn.ge
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს