კიმი ანტონელი F1-ში ჩემპიონობას ორი განსაკუთრებული Mercedes-ით აღნიშნავს
იტალიელი კიმი ანტონელი, რომელიც Mercedes-ის გუნდის ნამდვილი ვარსკვლავი და Formula 1-ის უკვე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია, ამ წარმატებას განსაკუთრებული საჩუქრითაც აღნიშნავს. 20 წლის იტალიელი საკუთარი ავტოკოლექციის შექმნას გეგმავს და პირველი შენაძენისთვისაც ემზადება.
ასევე იხილეთ: მილიარდერები VS ღარიბები - ფორმულა 1-ის პილოტების გზა
საინტერესოა, რომ ამ დროისთვის ანტონელის მხოლოდ ერთი ავტომობილი ჰყავს — სამსახურებრივი Mercedes-AMG GT63. ახალგაზრდა მრბოლელი ავტომობილს თავადვე უვლის და, როგორც ამბობს, ყოველი გრან-პრის წინ პირადად, ხელით რეცხავს. თუმცა ეს იტალიელის ავტოკოლექციისთვის მხოლოდ დასაწყისია. მიუხედავად იმისა, რომ მის მშობლებს შვილის გატაცება დიდად არ ხიბლავთ და ამბობენ, რომ კიმი მთელ თავის ფულს მანქანებში ხარჯავს.

„ყოველთვიურად გარკვეულ თანხას ვაძლევთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს მანქანებში დახარჯავს“, — განაცხადა რამდენიმე კვირის წინ კიმის მამამ, მარკო ანტონელიმ. მისი თქმით, ავტომობილები ახალგაზრდა პილოტის ერთ-ერთი მთავარი გატაცებაა.
თუმცა, როგორც ჩანს, კიმის მშობლები ახალგაზრდა პილოტის შეჩერებას დიდხანს ვეღარ შეძლებენ. გამოცემა Auto Motor und Sport-თან ინტერვიუში ანტონელიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ მან თავისი მომავალი ავტოკოლექციისთვის საწყობიც კი შეიძინა.
„მინდა, რომ ერთ დღეს ავტომობილების დიდი კოლექცია მქონდეს. თუმცა, პირველ რიგში, იმაზე უნდა მეფიქრა, თუ სად დავატევდი ამ მანქანებს. ამიტომაც გადავწყვიტე, ავტომობილები ეტაპობრივად შევიძინო. მომწონს როგორც ფუტურისტული და თანამედროვე მოდელები, ისე საკულტო ავტომობილები, რომლებმაც ისტორიაში ადგილი დაიმკვიდრეს“, — თქვა Mercedes-ის პილოტმა.

Formula 1-ის ჩემპიონის სანატრელი Mercedes-ები
კიმის სურვილების სიაში პირველ რიგში Mercedes-ის ორი გამორჩეული მოდელია. ახალგაზრდა ჩემპიონი განსაკუთრებით აღფრთოვანებულია Mercedes-Benz 300 SL Gullwing-ით, რომლის ვერცხლისფერი ეგზემპლარის შეძენაც სურს. ასევე მისი ფავორიტია Mercedes-Benz CLK GTR-ის საგზაო ვერსია — მოდელი, რომელიც თავდაპირველად სარბოლო მოდელის ბაზაზე შეიქმნა.
საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელით მოხიბლულია Aston Martin-ის გამოცდილი მრბოლელი, ფერნანდო ალონსო. ესპანელ პილოტს CLK GTR-ის ერთ-ერთი ეგზემპლარი უკვე ეკუთვნის.

ანტონელის ყურადღებას ასევე იპყრობს Mercedes-AMG CLE 646-იც. ეს შეზღუდული სერიის მოდელი მხოლოდ 30 ეგზემპლარად გამოვა. ავტომობილი პირველად ესპანეთის გრან-პრის წინ, მადრიდის ახალ ტრასაზე წარადგინეს. პრეზენტაციას კიმი ანტონელი და მისი თანაგუნდელი ჯორჯ რასელიც ესწრებოდნენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს