სასამართლომ BYD-ს ევროპაში Land Rover Defender-ის „კლონის“ გაყიდვა აუკრძალა
საკულტო დიზაინით შთაგონება ერთია, მაგრამ მისი პირდაპირი კოპირება — სულ სხვა. ნიდერლანდების სასამართლომ BYD-ის ყველგანმავალი Ti7 სწორედ მეორე კატეგორიას მიაკუთვნა: ჩინურ ავტომწარმოებელს ევროკავშირში ამ მოდელის გაყიდვა აეკრძალა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი ექსტერიერი Land Rover Defender-ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს არღვევს.
Jaguar Land Rover-მა BYD-ს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ჩინურმა ბრენდმა ევროპულ ბაზარზე Ti7 წარადგინა. სამართლებრივი დავა იმდენად გამწვავდა, რომ JLR-ის მოთხოვნით აღმასრულებლებმა ნიდერლანდებში BYD-ის ოფისებიც კი გაჩხრიკეს შესაბამისი დოკუმენტაციის ამოსაღებად, თუმცა მოგვიანებით სასამართლომ JLR-ს ამ ფაილების განადგურება დაავალა.
ჰააგის სასამართლოს განცხადებით, Defender-ის დიზაინი გამოირჩევა მომრგვალებული კუთხეებით, უკანა საყრდენის საფირმო პანელით, ბორბლების თაღების ფორმით, ფანჯრების უწყვეტი ხაზითა და საერთო სილუეტით. BYD-ის მტკიცების მიუხედავად, რომ მაშუქები, ცხაურა და კაპოტი განსხვავებულია, მოსამართლემ დაადგინა, რომ ეს დეტალები საერთო ვიზუალურ შთაბეჭდილებას ვერ ცვლის.
JLR-ის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება BYD-ს უკრძალავს Ti7-ის აწყობას უნგრეთის ახალ ქარხანაშიც და მის რეალიზაციას ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე, სანამ მოდელი სრულყოფილ რესტაილინგს არ გაივლის. თუმცა, ნიდერლანდების სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთზე, სადაც ბრიტანელი მომხმარებლებისთვის Ti7-ის მიწოდება 2027 წლის იანვრიდან იგეგმება.
მიუხედავად ვიზუალური მსგავსებისა, ტექნიკურად ეს ორი ავტომობილი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია — BYD Ti7 სამრიგიანი ჰიბრიდია, რომელიც 1.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავისა და ელექტროძრავების კომბინაციით 402 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაშინ როცა Defender 6-ცილინდრიანი და V8 ძრავებითაც იწარმოება. ჩინური კონკურენტი ორიგინალ Defender-ზე დაახლოებით 20 000 ფუნტით იაფი ღირს.
აღსანიშნავია, რომ ეს JLR-ის პირველი გამარჯვება არ არის — 2016 წელს დაწყებული სამწლიანი დავის შემდეგ კომპანიამ ჩინურ Jiangling Motors-ს მოუგო Landwind X7-ის საქმე, რომელიც Range Rover Evoque-ის ასლს წარმოადგენდა. თუმცა, ბრიტანულ ბრენდს ჯერჯერობით რეაგირება არ ჰქონია Chery-ს Jaecoo 7-ზე, რომელსაც მსგავსების გამო ინტერნეტში უკვე შეარქვეს „Temu-ს Range Rover“.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს