Aa
Aa

დეკადის ყველაზე დიდი ბრალდება: FIA-ს და „ფერარის“ 7 გუნდი უპირისპირდება

ფორმულა 1-ს შვიდი გუნდი „ფერარის“ და FIA-ს სასამართლოთი ემუქრება. ეს არის სპორტის სამყაროში ბოლო დეკადის განმავლობაში თაღლითობის ყველაზე დიდი ბრალდება.

FIA-ს დიდი ხანია აკრიტიკებენ იმის გამო, რომ „ფერარის“  ხშირად „ეხმარება“. ფედერაცია ამ ბრალდებას ყოველთვის უარყოფდა. მდგომარეობა 2019 წლის სეზონში გამწვავდა. მართალია, „მერსედესმა“ კონსტრუქტორთა თასი მოიგო, მაგრამ „რედ ბული“ და „მერსედესიც“ უკმაყოფილო იყვნენ იმით, თუ როგორ იგებდა იტალიური საჯინიბო კვალიფიკაციების დროს სწორ მონაკვეთებზე წამის ნახევარს .

გუნდები ეჭვობდნენ, რომ ,,ფერარი” საწვავის დასაშვებ მიწოდებას აჭარბებდა და ამას FIA-ს სენსორისგან მალავდა.  

წინა პარასკევს FIA-მ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ საქმე გამოიძიეს და სკუდერიასთან „შეთანხმებას მიაღწიეს“.  იქვე ეწერა, რომ შეთანხმების დეტალები მხარეებს შორის დარჩებოდა.

გამჭირვალობის ნაკლებობა და ის ფაქტი, რომ განცხადება გვიან პარასკევს გაკეთდა, მაშინ, როცა გუნდები ბარსელონას უკვე ტოვებდნენ, პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

„ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი გუნდები, გაკვირვებულები და შოკირებულები ვართ FIA-ს განცხადებით, რომელიც „ფერარის“ გუნდის ძალოვანი აგრეგატის გამოძიების საქმეს ეხება.

თვეების გამოძიების შემდეგ, რომელიც მხოლოდ გუნდების უკმაყოფილების შემდეგ დაიწყო, ვაპროტესტებთ FIA-ს გადაწყვეტილებას, რომ „ფერარისთან“ ასე კონფიდენციალურად მიაღწიოს მოლაპარაკებას და საქმე დახუროს.

აქ ჩვენ ვამჟღავნებთ საერთო სურვილს,  რომ ეს საქმე სრულად გაასაჯაროონ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა გუნდს თანაბრად და სამართლიანად ექცევიან. ამას  ვაკეთებთ ჩვენი გულშემატკივრების, მონაწილეებისა და ყველასთვის, ვინც ფორმულა 1-ითაა დაინტერესებული“. - ვკითხულობთ გუნდების საპასუხო წერილში.

თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი აპირებენ, რომ საქმე სასამართლომდე მიიტანონ. ,,ფერარი” და FIA ამ ბრალდებებს უარყოფენ. თუმცა, გუნდები დადუმებას არ აპირებენ და ეს განცხადებაც ამაზე მეტყველებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები