Aa Aa
4 მარტი 2020  |  11:54

ტენდენციურობის და კლასიკურობის სინთეზი: Ferrari 308 GTE

ავტოინდუსტრიის ისტორიაში უამრავი ავტომობილი შეიქმნა. თითოეულ წელს თავისი საუკეთსო ავტომობილი ჰყავდა. ყველა ავტომოყვარულს ყოველთვის თავისი ფავორიტი ავტო ჰყავდა. თუმცა, არის ავტომოყვარულების კატეგორია, რომლებსაც ერთი კონკრეტული ავტომობილი არასდროს უყვარდა, რადგან ვერცერთში იმ ღირებულებათა ნაკრები იპოვეს, რომელიც მათ გემოვნებას დააკმაყოფილებდა. ასეთი ხალხისთვის, როდესაც საინტერესო ავტომობილს ყიდულობენ, მომდევნო ქმედება ნაწილების შეცვლაა.

ბევრი საინტერესო ჩანაცვლებული ძრავის მქონე ავტომობილის პროექტი არსებობს. თუ გსმენიათ Toyota GT86-ის შესახებ, რომელშიც „ფერარის“ ძრავა დევს, მაშინ თქვენი გაკვირვება რთული იქნება.

Ferrari 308 GTE-ს პროექტი სან დიეგოში 2016 წელს ერიკ ჰაჩინსონის სახელოსნოში გაჩნდა. ერიკს პატარა ავტოსახელოსნო აქვს - Electric GT - სადაც ელექტრო „ჰოთ-როდებს“ აწყობს. ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთ ავტოაუქციონზე 10 000 $-ად შეფასებული „ფერარი“ ნახა. განცხადებაში მდგომარეობის ველში უვარგისი ეწერა. ერიკმა ეს ავტომობილი დაუფიქრებლად იყიდა. მან „ფერარისთვის“ ახალი შანსის მიცემა ჩაიფიქრა.

მან იცოდა, რომ ავტომობილის რესტავრაცია ძალიან რთული და ძვირი პროცესი იქნებოდა, მაგრამ ამან მას აზრი ვერ შეაცვლევინა. ერიკმა თავის მეგობართან, მაიქლ ბრიმთან ერთად, რომელიც EV West-ში მუშაობდა, პირველი სრულიად ელექტრო „ფერარის“ შექმნა გადაწყვიტა.

პროექტს რამდენიმე სირთულე ახლდა. ყველაზე რთული ელექტრო ძრავის სამონტაჟო წერტილების დაპროექტება აღმოჩნდა, რადგან „ფერარის“ 2.9-ლიტრიანი V8 განივად იყო მოთავსებული, ახალი ელექტრო ძრავა კი გრძივი განლაგების იყო. შესაბამისად, ახალი გადაცემათა კოლოფი დასჭირდა. ყველაზე კარგად Porsche G50-ის 5-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი მოერგო.

სამი AC-51 HPEVS ელექტრო ძრავა ერთობლივად 330 ცხენის ძალასა და 450 ნმ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებდა. თანაც გასათვალისწინებელია, რომ ეს მაბრუნი მომენტი, საწვავზე მომუშავე ძრავებისგან განსხვავებით, 0 ბრუნიდანვე აქვს. ასე რომ, ავტომობილი შეგიძლიათ მხოლოდ აქსელერატორის საფეხურის ჩაჭერისას ადგილიდან მეორე სიჩქარეში დაძრათ და ჩუმად, ტყვიასავით გაფრინდეთ.

ასეთი ძრავისთვის სათანადო გადაბმულობის დისკისა და დიფერენციალის მოძებნა მარტივი არ იქნებოდა. ათეულობით „გადამწვარი“ გადაბმულობის დისკის, გაღუნული "კარდანებისა" და ჩაშლილი დიფერენციალების შემდეგ, როგორც იქნა ის დეტალები იპოვეს, რომლების ერთმანეთთან შერწყმით მათი ჩანაფიქრი იდეალურ შედეგამდე მიიყვანა.

ავტომობილი აღჭურვილია 48 ცალი 3,3v Li-ion ბატარეით, რომლებიც წინა და უკანა მხარეს თანაბარი რაოდენობით არის გადანაწილებული. ჯამურად 31,5 კვსთ-ს გამოიმუშავებენ და ავტომობილს 200 კმ მანძილის გავლის შესაძლებლობა აქვს, რაც ყოველდღიურად ქალაქში სასიარულოდ აბსოლუტურად საკმარისია.

იმისათვის, რომ მთელი სისტემა სწორად ამუშავებულიყო, ერიკმა ახალი გაყვანილობის სისტემა შექმნა. ელექტრო სისტემა ბევრად უფრო მარტივია. ნაკლებ დეტალსა და სენსორს კონტროლი სჭირდება. გაყვანილობის კაბელებიც შემცირდა, რაც, თავისთავად, იმას ნიშნავს, რომ გაყვანილობის წონაც შემცირდა. ბენზინის ძრავის და მისთვის საჭირო ყველა დეტალის ჩანაცვლებით Ferrari 308 GTE-მ წონაში სულ რაღაც 78 კილოგრამით მოიმატა. მაგრამ ეს წონა სუფთა კუნთებია. ახალი მომატებული ცხენის ძალები ამ მომატებულ წონას ძალიან მარტივად ამართლებს.

როცა პროექტი იქმნება, ხშირ შემთხვევაში სავალი ნაწილის კომპონენტები იცვლება. არც ეს პროექტი არის გამონაკლისი. ერიკმა რეგულირებადი დაკიდების სისტემა და სპორტული მშრალი ამორტიზატორები დაუყენა. ახალი სიმძიმის ცენტრის ხარჯზე, ელექტრო „ფერარის“ უკეთესად სამართავი გახდა.

რაც შეეხება ექსტერიერსა და ინტერიერს, მძიმე უშნო რეზინის ბამპერებს ძველი ფერარი" დაემშვიდობა და მოკრძალებული ევროპული ბამპერებით აღიჭურვა. ძარა იმავე ფერით შეიღება, რათა დამწვრობის ნაიარევი აღარ დატყობოდა. სალონი მაქსიმალურად ხელუხლებელი დარჩა, მხოლოდ სავარძლები და პანელები ახალი ტყავით შეიფუთა.

ამ ყველა ცვლილებამ ტლანქი და უინტერესო 308 GTS ძალიან სასიამოვნო სატარებელ და ბევრად უფრო სწრაფ 308 GTE-დ იქცა. იმისათვის, რომ უკეთ აღიქვათ სხვაობა V8-ძრავიან 308 GTS-სა და ელექტროძრავის მქონე 308 GTE-ს შორის, 2017 წელს ამერიკულმა Top Gear-მა ჰაჩინსონის ფერარი 2,3-კილომეტრიან Speed Vegas-ის ავტოდრომზე შეამოწმა. "ამერიკული სტიგის“ ხელში 308 GTE-მ წრე 1:16.430-ში გაიარა, რაც 10 წამით უფრო ჩქარი აღმოჩნდა, ვიდრე ბენზინის ძრავიანი.

ერიკ ჰაჩინსონმა თავისი Ferrari 308 GTE-თი 2 რამ დაამტკიცა:

  1. თურმე შესაძლებელი ყოფილა ელექტრო „ფერარის“ შექმნა და ამით აჩვენა, რომ „ფერარის“ ინჟინრებს აშკარად სძინავთ.
  2. მომავალი ნამდვილად ელექტრომობილებს ეკუთვნის და მასში კლასიკური ავტომობილებისთვისაც ადგილი ყოველთვის იქნება.

გაზიარება: