გამონაბოლქვის გამო წელს 5 200-ზე მეტი პირი დაჯარიმდა
2025 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 794 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. აქედან ყველაზე მეტი - 556 სამართალდარღვევა თბილისშია დადასტურებული, ბათუმში აღრიცხულია 111, ქუთაისში - 86, ხოლო რუსთავში 41 შემთხვევა.
794 ფაქტიდან 706 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, ხოლო 88 შემთხვევაში დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 401 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 359 - მიკროავტობუსების, 26 სატვირთო ავტომობილების, 1 ავტობუსის, 1 კი ექსკავატორის მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი. ჯამურად კი, 2025 წლის პირველ 11 თვეში, სამართალდარღვევის 5 291 შემთხვევაა გამოვლენილი.
ოფიციალური განცხადების თანახმად, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, საქართველოს ოთხ მსხვილ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი ყოველდღიურად ხორციელდება.