შიგაწვის ძრავა, ევროკავშირი, რეგულაციები, გამონაბოლქვი, ელექტრომობილები
Aa
Aa

ევროპამ გადაიფიქრა? | საბოლოოდ, აიკრძალება თუ არა შიგა წვის ძრავები

ავტომობილების მწარმოებელთა დიდი ნაწილი ევროპის კავშირს 2035 წლის შეზღუდვის გადაწევისკენ მოუწოდებს. შეზღუდვა შიგა წვის ძრავებზე მომუშავე ავტომობილებს შეეხება, რომლებიც გარემოსდაცვით რეგულაციებს არ აკმაყოფილებენ და ემისიების დონეს ზრდიან, რაც კლიმატური კრიზისის გამწვავების მიზეზი ხდება.

ევროპის კავშირის გეგმით, მათი წარმოება 2035 წლიდან უნდა აკრძალულიყო, მათი ჩანაცვლება კი, ეტაპობრივად, ბევრად სუფთა და ეკოლოგიური ალტერნატივებით უნდა განხორციელებულიყო. თუმცა ამან, მწარმოებელთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც არასაკმარის დროსა და გაზრდილ ხარჯებს მთავარ გამომწვევებად ასახელებენ. სწორედ ამიტომ, კომპანიათა ჯგუფმა ორგანიზაციას თარიღის განხილვის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ევროპის კავშირს დათმობაზე წასვლა არ სურდა. ჯერ კიდევ  გასულ გაზაფხულზე, საბოლოო ვადა კვლავ ძალაში იყო. თუმცა მზარდი ზეწოლის შემდეგ, კანონმდებლებმა განხილვა დაიწყეს და როგორც ჩანს, შიგა წვის ძრავები მომდევნო ათწლეულის შუა პერიოდის შემდეგაც გაგრძელდება.

გერმანულ ბიზნეს გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის კომისარმა განაცხადა, აპოსტოლოს ციციკოსტასმა დაადასტურა, რომ შიგა წვის ძრავები 2035 წლის შემდეგაც გაგრძელდება, მაგრამ მხოლოდ დაბალი გამონაბოლქვის მქონე, განახლებად საწვავზე მომუშავე ავტომობილებში, როგორიცაა სინთეტიკური და ბიოსაწვავი.

ასეთია მაგალითად HVO100, რომელიც სრულად მცენარეული ზეთებისა და ცხოველური ცხიმებისგან მიღებული ჰიდროგადამუშავებული მცენარეული ზეთისგან მზადდება. BMW მათ გერმანიაში წარმოებულ დიზელის ავტომობილებში უკვე იყენებს და როგორც ამბობენ, ის ემისიებს ჩვეულებრივ დიზელთან შედარებით, 90%-ით ამცირებს.

ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ უცნობია გახანგრძლივდება თუ არა პლაგ-ინ ჰიბრიდებისა და გაფართოებული დიაპაზონის ძრავის მქონე ავტომობილების წარმოებაზე დაშვება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაბალი გამონაბოლქვის მქონე საწვავზე მუშაობენ, ამის დაშვებაც შესაძლებელია.

ამასობაში, ელექტრომობილები ევროპის ქვეყნებში პოპულარობის მოხვეჭას განაგრძობენ, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში. წლის პირველი ათი თვის განმავლობაში, შიგა წვის ძრავის არმქონე ავტომობილებმა მთლიანი გაყიდვების 18.3% შეადგინა. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, სანამ ისინი ჰიბრიდებს გადააჭარბებენ, რომლებიც 34.7 პროცენტს მოიცავენ.

 

მსგავსი სიახლეები