რუსეთში პანიკაა | ასობით Porsche გაჩერდა
ორშაბათს, პირველ დეკემბერს, რუსეთში Porsche-ს ასობით მფლობელმა გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მათი მდიდრული გერმანული მოდელები ფაქტობრივად ბორბლებზე მდგარ უძრავ აგურებად იყვნენ ქცეულნი. არსებული, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ „გათიშვის“ მიზეზი შესაძლოა Porsche-ს „ავტომობილების ტრეკინგის სისტემა“ იყოს, იგივე VTS.
იქნება ეს პროგრამული უზრუნველყოფის არასწორად განახლების ბრალი, თუ მესამე მხარის განზრახ ქმედება, შედეგი ერთია: Porsche-ს მოდელები მოსკოვიდან კრასნოდარამდე უძრავად დგანან და არ რეაგირებენ.

ეს პრობლემა Porsche-ს 2013 წლიდან დათარიღებულ მოდელებზე ვრცელდება, რომელთაგანაც ყველას ავტომობილების ქარხნული ტრეკინგ სისტემა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ VTS თანამგზავრულ სიგნალს კარგავს, ის ავტომატურად ააქტიურებს ძრავის იმობილაიზერს და ავტომობილიც მუშაობას წყვეტს.
როგორც Rolf Group-ის სერვის დირექტორმა, იულია ტრუშკოვამ ამერიკულ გამოცემასთან განაცხადა, აღნიშნული შემთხვევა „ყველა მოდელსა და ძრავის ტიპს“ შეეხო, ხოლო სადილეროები იდენტური საჩივრების ტალღას იღებენ.
ქვეყნის ფარგლებში უკვე გავრცელდა სპეკულაციები. მაგალითად, Moscow Times-ი ციტირებს ერთ-ერთი დილერის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ ეს შემთხვევა შესაძლოა განზრახ იყოს გამოწვეული. თუმცა აღიარებენ იმასაც, რომ ამ თეორიის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ არსებობს.
Russian Porsche owners' cars are immobilised across the country - with 'deliberate' satellite interference feared.
— Sir William Browder KCMG (@Billbrowder) December 2, 2025
https://t.co/3NS4diyr3V
Porsche-ს რუსულმა ფილიალმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და ოფიციალური განცხადება არც ავტომწარმოებლის გლობალურ შტაბ-ბინას გაუკეთებია.
მფლობელების თქმით, ეს გაუმართაობა მოულოდნელი და არაპროგნოზირებადია. ერთ-ერთი ტაქსისტის თქმით, Macan-ი მას შემდეგ გაჩერდა, რაც მან შეკვეთა მიიღო. სხვების თქმით კი, მათმა ავტომობილებმა მუშაობა დაქოქვიდან რამდენიმე წუთში შეაჩერა. ახლა ეს მძღოლები სერვის ცენტრებსა და მექანიკოსთა ეზოებს ავსებენ და ცდილობენ, როგორმე თავიანთი ძვირად ღირებული Porsche-ები აამუშავონ.