თბილისი, გზების მშენებლობა, გზების რეაბილიტაცია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის შემოვლითი გზა
Aa
Aa

თბილისიდან გასასვლელი/შესასვლელი გზის გაფართოების პროექტი დახარვეზდა - მიზეზი

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 17-კმ 28 მონაკვეთის (თბილისი-ნატახტარი) მოდერნიზაციის პროექტი დაახარვეზა. საუბარია თბილისიდან გასასვლელი მაგისტრალური გზის 11 კმ-იან მონაკვეთზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ ტერიტორია მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ექცევა.

„სკოპინგის ანგარიშის კულტურულ მემკვიდრეობაზე ზემოქმედების შეფასების ნაწილში აღნიშნულია, რომ პროექტი მოიაზრებს მცხეთის ჯვრის გორის ძირში გორის ფერდის გარკვეულ სახეცვლას (ჩამოჭრას), რაც დოკუმენტაციის თანახმად, ძეგლის მდგომარეობაზე ზემოქმედებას არ მოახდენს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, იმის გათვალისწინებით, რომ მცხეთის ჯვრის ტაძარს და ზემოხსენებულ მთას მრავალი ხედვითი წერტილი და დერეფანი გააჩნია, მისი გარემოს ცვლილება (გორის ფერდის ჩამოჭრა) სააგენტოს დაუშვებლად მიაჩნია.

ამასთან, საპროექტო არეალში განხორციელებული ზედაპირული არქეოლოგიური კვლევისას გამოკვეთილია არქეოლოგიურად სენსიტიური ადგილები, რომლებზე ზემოქმედების შესამცირებლად განსაზღვრულია დაგეგმილი სამუშაოების არქეოლოგის ზედამხედველობით წარმართვა. თუმცა, სკოპინგის ანგარიშში არ არის გათვალისწინებული ის, რომ აღნიშნული არქეოლოგიური უბნების ნაწილი არქეოლოგიური დაცვის ზონას წარმოადგენს, სადაც გარდა არქეოლოგიური კვლევა-ძიებისა, ყველა სხვა სახის სამუშაოები აკრძალულია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სკოპინგის ანგარიში საჭიროებს გადამუშავებას, ხოლო განახლებულ დოკუმენტაციას თან უნდა ახლდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეთანხმების (მათ შორის, კომუნიკაციის) ამსახველი დოკუმენტაცია“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სკოპინგის ანგარიშში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი კერძოდ:

  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური ტყით სარგებლობის უფლების მოპოვება, თუმცა სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვაზე ითქვა, რომ დაგეგმილია აღნიშნულ ტერიტორიების სახელმწიფო ტყიდან ამორიცხვა;
  • სკოპინგის ანგარიშში არ არის მოცემული ინფორმაცია საპროექტო გზის დერეფნიდან უახლოეს მოსახლემდე დაშორების მანძილის შესახებ, რაც საჭიროებს დაზუსტებას;
  • სკოპინგის ანგარიშში მოცემულია ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია, კერძოდ აღნიშნულია, რომ „წინასწარი შეფასებით და დღემდე განხორციელებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების საფუძველზე საპროექტო გვირაბები განთავსებულია მყარი ქანების მასივში“. ამასთან, ტექსტურ ნაწილში მითითებულია, რომ „გვირაბის განთავსების ადგილას დაფიქსირდა გეოლოგიური პროცესი, კერძოდ, განვითარებული მეწყერი გვირაბის დასაწყისთან, რომელიც ამჟამადაც მოძრავია. მშენებლობის დაწყებამდე დეტალურად იქნება შესწავლილი აღნიშნული მეწყერი და შესაბამისობა დადგინდება გვირაბის თაღსა და მეწყრის სრიალის ზედაპირს შორის“;
  • სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იქნას ინფორმაცია გვირაბის გაყვანის ტექნოლოგიური ალტერნატივების შესახებ, შერჩეული ალტერნატივის საფუძვლიანი დასაბუთებით.

„ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით სააგენტოში წარმოდგენილ იქნა ააიპ „მწვანე ალტერნატივას“ და ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები და შენიშვნები. მათ შორის, დაფიქსირებულ იქნა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით უარყოფითი განწყობა”, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაში.

აღსანიშნავია, რომ სააგენტომ სკოპინგის პროცედურები შეწყვიტა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს პროექტში რიგი დეტალების დაზუსტება დაავალა.

რაც შეეხება პროექტს, განიხილებოდა 6 ალტერნატიული მიმართულება, შერჩეული ალტერნატივა კი ითვალისწინებს თითოეულ მიმართულებაზე ოთხი სამოძრაო ზოლის მოწყობას, უსაფრთხოების ზოლების ჩათვლით. ეს ვარიანტი მოიცავს როგორც ახალი გზის მონაკვეთის გაყვანას, ასევე არსებული გზის მოდერნიზაციასა და გაფართოებას.

პროექტი იწყება თბილისის ტერიტორიაზე, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტთან. აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილია ახალი გზის გაყვანა, რაც მოიცავს ქოშიგორას ქვეშ ორი პარალელური გვირაბის გაყვანას, სარკინიგზო ხაზისა და მტკვრის გადაკვეთას ხიდებით და შემოვლითი გზის მიმართულებით გაგრძელებას.

 

ეს ვარიანტი მოიცავს ხუთ სატრანსპორტო კვანძს, რომელთაგან სამი არსებულზეა დაფუძნებული და ორს ახლის მშენებლობა სჭირდება:

  • შკოდას ცენტრის კვანძი (ახალი): ორდონიანი კვანძი თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის მიმართულებით მოძრაობის დაკავშირებას მაგისტრალთან;
  • მცხეთის კვანძი (მოდერნიზაცია): მდებარეობს მუხათგვერდთან, შ-29 გზის (ზაჰესი–მცხეთა-კავთისხევი) სიახლოვეს;
  • თბილისის შემოვლითი გზის კვანძი (მოდერნიზაცია): განახლდება არსებული კვანძი ზაჰესის დასახლების მიმდებარედ. კვანძი ინტეგრირდება ახალ საგზაო სტრუქტურაში და ფუნქციურად უკავშირდება მცხეთის კვანძს;
  • წიწამურის კვანძი (მოდერნიზაცია): არსებული კვანძი საჭიროებს მოდერნიზაციას ახალი პროფილისა და მოძრაობის ნაკადების შესაბამისად;
  • ზაჰესის ხიდების კვანძი (არსებული, უცვლელი): შენარჩუნდება არსებული მდგომარეობით. განლაგებულია თბილისის სავაჭრო ცენტრის (თბილისი მოლი) სიახლოვეს.

 

შერჩეული ალტერნატივა გულისხმობს ხელოვნური ინფრასტრუქტურის მოწყობასაც. კერძოდ, ქოშიგორას ქვეშ დაგეგმილია ორი პარალელური გვირაბის მოწყობა:

  • თბილისი - ნატახტარის მიმართულება: სიგრძე დაახლოებით 1,600 მ;
  • ნატახტარი -თბილისი მიმართულება: სიგრძე დაახლოებით 1,920 მ.

გარდა ამისა, პროექტი მოიცავს სამი ხიდისა და სამი კვანძის მოწყობასაც.

მსგავსი სიახლეები