Aa Aa
13 ივლისი 2022  |  09:55

ილონ მასკი Twitter-ის შეძენაზე უარს ამბობს

Twitter-ი მასკს სასამართლოში უჩივის.  

ილონ მასკს $44-მილიარდიანი გარიგების ჩაშლა სურს. Twitter-ი კი კონტრაქტის გაგრძელებას ითხოვს. შედეგი კი სავარაუდოდ ხანგრძლივი და დამღლელი სასამართლო პროცესი იქნება.

მასკი ამბობს, რომ Twitter-ზე უფრო მეტი ბოტების კონტროლირებადი „სპამ“ ანგარიშებია დარეგისტრირებული, ვიდრე ამას სოციალური ქსელი ამხელდა. მასკის თქმით, ეს ანგარიშები მთლიან მომხმარებელთა 20%-ზე მეტია. Twitter-ი 5%-ზე ნაკლებს ასახელებდა.

Twitter-მა მასკს ყალბ ანგარიშებზე ზუსტი რიცხვები არ მიაწოდა. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რამაც მასკს Twitter-ის შეძენაზე უარი ათქმევინა.

შეთანხმების თანახმად, მასკს კონტრაქტის გაწყვეტის შემთხევაში Twitter-ისთვის 1 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს.

როგორც New York Times-ი წერს, სასამართლოში დავა შესაძლოა ილონ მასკის სტრატეგია იყოს იმისთვის, რომ Twitter-ს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს და კომპანიის აქციები უფრო იაფად შეიძინოს.   

მასკმა Twitter-ის შეძენის მცდელობა აპრილიდან დაიწყო. მას კომპანიის 9.2%-ის შეძენა $2.89 მილიარდად სურდა. მოგვიანებით, კი აქციების უმეტესობის შეძენა მოისურვა.

ილონ მასკის განცხადებით, მისი მიზანი Twitter-ში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცულობის სტანდარტები გაზრდა და ცენზურის გაუქმება იყო.

გაზიარება: