ფერსტაპენმა ნიურბურგრინგზე Ferrari-ის დასატესტად ყალბი სახელი გამოიყენა
Red Bull-ის პირველ პილოტს, მაქს ფერსტაპენს რომ რბოლა და გამარჯვებები ძალიან უყვარს, ეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, არც ჰოლანდიელის სიმულაციური რბოლებით გატაცებაა ჩვენთვის უცნობი. Formula 1-ის შესვენების დროს კი, მოქმედი ჩემპიონი როგორც ჩანს, რეალურ ცხოვრებაში GT3-ის რბოლებით ერთობა.
თუმცა ეს ერთი ჩვეულებრივი GT3 რბოლა არ ყოფილა. რადგან მაქსმა, გასულ შაბათ-კვირას ნიურბურგრინგზე Ferrari 296 GT3 გამოცადა და თანაც, ეს ფსევდონიმით გააკეთა. გერმანიის მწვანე ჯოჯოხეთში რბოლისას, მაქსის ფსევდონიმი „ფრანც ჰერმანი“ იყო. მიუხედავად ამისა, მანქანა სრულად Verstappen.com-ის (მაქსის სახელობის სარბოლო გუნდის) დიზაინით იყო წარმოდგენილი და შესაბამისად, შეუმჩნეველიც არავის დარჩენია.
DailySportsCar.com-ის თანახმად, ტესტირების დროს ფერსტაპენის საუკეთესო წრე 7 წუთი 56 წამი იყო. მიუხედავად ტრასაზე ბევრი გამოწვევისა, უნდა აღინიშნოს, რომ მაქსი აქაც საკმაოდ სწრაფი იყო. მაქსის შედეგი, GT3-ის საუკეთესო წრეს მხოლოდ 5 წამით ჩამოუვარდება.
ბევრის აზრით, ეს ტესტირება შესაძლოა ნიშნავდეს, რომ 27 წლის მრბოლელი მომავალში ნიურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობაზე ფიქრობს. ან შესაძლოა მხოლოდ შაბათ-კვირის გასართობი იყო. ამას დრო აჩვენებს.