Aa Aa
17 ნოემბერი 2022  |  10:52

მნიშვნელოვანი ავტომობილები: 1967 წლის Chevrolet Camaro

1960-იანი წლებში Chevrolet-ს პრობლემა გაუჩნდა, რომელსაც Mustang-ი ერქვა. Ford-მა ამ პერიოდში მილიონზე მეტი 2+2 მდიდრული კუპე გაყიდა. ეს კი Chevrolet-ში არ მოსწონდათ. 1966 წელს Chevy-მ Mustang-ის კონკურენტის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. 1967 წელს ავტოსამყარომ Chevy Camaro იხილა.

Chevrolet Camaro უნდა ყოფილიყო ავტომობილი, რომელიც Mustang-ს თავისი დიზაინით და წარმადობით აჯობებდა. ვერ ვიტყვით, რომ Camaro-ს ეს 100%-ით გამოუვიდა, თუმცა, ამ მოდელის მნიშვნელოვნება განხილვას არ ექვემდებარება.


Mustang-ის მსგავსად, Camaro კუპე და კაბრიოლეტ ვერსიებად გამოდიოდა. ის ერთრიგა 6-ცილინდრიანი ან V8 აგრეგატებით იყო აღჭურვილი. Camaro-ც ზუსტად ისე იქმნებოდა, როგორც Mustang-ი. Ford-ის პონი ავტომობილი Falcon-ის დეტალებით იწყობოდა. Camaro-კი Chevy II Nova-ს ქვეჩარჩოს იყენებდა.

1967 წლის უმაღლესი კომპლექტაციის მქონე Camaro-ს კაპოტქვეშ 6.4-ლიტრიანი V8 ძგერდა, რომელიც 375 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 




Camaro-ს SS-ვერსიაში 5.7-ლიტრიანი V8 იყო განთავსებული, რომელიც 295 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. შედარებით მცირე მოცულობის მქონე Chevy 100 კმ/სთ-მდე 7.8 წამში ჩქარდებოდა. ასეთი მოცულობის ფონზე სიმძლავრისა და აჩქარების ეს მაჩვენებელი დღეს უდავოდ სასაცილოა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1960-იან წლებზე ვსაუბრობთ. ეს ყველაფერი იმ დროს დიდ მიღწევად ითვლებოდა.

და მაინც რამდენად კარგი ავტომობილი იყო Camaro? იყო თუ არა ეს Ford-ის მიბაძვა, რომელიც ნაჩქარევად შეიქმნა? ამ ავტომობილს გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ Camaro-ს გაყიდვები Mustang-ს მაინც ჩამოუვარდებოდა Chevy-ის ამ მოდელმა თავისი ნიშა მაინც იპოვა. მას უამრავი ერთგული მომხმარებელი ათწლეულების განმავლობაში ჰყავდა. Camaro-მ გააკეთა ის, რასაც Mustang-ი მარტო ვერ შეძლებდა: ამ ავტომობილმა საფუძველი ავტოისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეტოქეობას ჩაუყარა. ეს ორი მოდელი კი სწორედ ამ კონკურენციაში დაიხვეწა და განვითარდა.

გაზიარება: