ჯერემი კლარკსონი, ტოპ გირი, გრანდ ტური
Aa
Aa

ჯერემი კლარკსონი: „კიდევ ექვსი წელი უნდა ვიცოცხლო“

Top Gear-ისა და The Grand Tour-ის ლეგენდარულმა თანაწამყვანმა, ჯერემი კლარკსონმა, პროსტატის კიბოსგან განკურნების შემდეგ საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა და ჩვეული იუმორით განაცხადა, რომ „კიდევ სულ მცირე ექვსი წელი გეგმავს ცხოვრებას“.

66 წლის კლარკსონმა, რომელიც ახლა უკვე ოქსფორდშირში Diddly Squat-ის ფერმას უვლის, გამოცემა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მომავლის მიმართ უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი. კლარკსონის თქმით, მას უკვე აქვს საგადასახადო გეგმაც და გარკვეული ფინანსური საკითხები მან წინასწარაც კი მოაგვარა.

„მინიმუმ შვიდი წელი კიდევ უნდა ვიცხოვრო... სინამდვილეში, ახლა უკვე ექვსი წელი. და შემდეგ, თუ შემთხვევით მოვკვდები, ბედნიერი ვიქნები“, — განაცხადა კლარკსონმა.

ფინანსურ საკითხებზე კლარკსონის კომენტარი ბრიტანეთის მემკვიდრეობის გადასახადის წესს უკავშირდება. ამ წესის თანახმად, თუ ადამიანი სიცოცხლეშივე საკუთარ ქონებას, მაგალითად, სახლს ან ფულს, შვილებს ან სხვა ადამიანს გადასცემს და ამის შემდგომ შვიდი წელი იცოცხლებს, მემკვიდრეობის გადასახადისგან გათავისუფლდება.

კლარკსონმა პროსტატის კიბოს დიაგნოზის დასმის შესახებ მაყურებელს Clarkson’s Farm-ის მეხუთე სეზონში ამცნო. დაავადება აგრესიული იყო, თუმცა, საბედნიეროდ, მას ადრეულ ეტაპზევე მიაკვლიეს. მკურნალობის ფარგლებში კლარკსონს ოპერაცია და მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებული ულტრაბგერითი პროცედურა ჩაუტარდა. მოგვიანებით, ბრიტანელმა წამყვანმა განაცხადა, რომ დაავადება რემისიაშია.

კლარკსონის თქმით, დიაგნოზმა მას ჯანმრთელობაზე დაფიქრებისკენ უბიძგა, თუმცა ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაზე უარის თქმას არ აპირებს. მისი თქმით, ალკოჰოლზე და ღორის ხორცის ჭამაზე უარის თქმა ცხოვრებას ნაკლებად სასიამოვნოს გახდის.

„შემიძლია, უფრო ჯანსაღი საკვები მივიღო, ან ვეგეტარიანელი გავხდე. ანდაც 20-მილიანი ლაშქრობები მოვაწყო და დღეში 20 000 ნაბიჯი გადავდგა. თუმცა, რეალობა ისაა, რომ ცხოვრებაში რაღაც გარკვეული სიამოვნებაც უნდა არსებობდეს“, — თქვა მან.

 თუმცა, რაც არ უნდა სახალისო იყოს მისი განცხადებები, კლარკსონის ჯანმრთელობასთან ხუმრობა მაინც არ ღირს. ტელეწამყვანის ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო წლებში მხოლოდ კიბოთი არ შემოფარგლულა. 2024 წელს მას გულის სერიოზული პრობლემა ჰქონდა და გულის ოპერაციაც დასჭირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები