ელექტრომობილები, აუდი, აუდი ა2, აუდი ა2 ე-ტრონი
Aa
Aa

Audi-მ A2-ს კიდევ ერთი შანსი მისცა | ინოვაციური მოდელის ახალი სიცოცხლე

1999 წელს გამოშვებული რევოლუციური, სრულად ალუმინისგან დამზადებული კომპაქტური Audi A2 ავტოსამყაროს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მოდელი იყო, თუმცა კომერციულ წარმატებას ვერ მიაღწია. 25-ზე მეტი წლის შემდეგ, გერმანული ბრენდი ამ საკულტო სახელს ელექტრო ეპოქაში აბრუნებს — გაიცანით სრულიად ახალი Audi A2 e-tron.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა კარლ ბენცის მოსწავლემ Audi?

ახალი A2 e-tron ინგოლშტადტელების პასუხია კომპაქტური, პრემიუმ კლასის ელექტრომობილების მზარდ მოთხოვნაზე. ავტომობილი შექმნილია სპეციალურად ურბანული გარემოსთვის, თუმცა მისი ტექნიკური მახასიათებლები ქალაქგარეთ შორ მანძილებზე კომფორტულ მგზავრობასაც უზრუნველყოფს.

ახალი A2 e-tron-ი ვიზუალურად ოსტატურად აერთიანებს ორიგინალი A2-ის ცნობილ კაფსულისებურ სილუეტს Audi-ს თანამედროვე აგრესიულ ელემენტებთან — წინა ნაწილში ვხედავთ დახურულ ცხაურსა და უახლესი თაობის Matrix LED მაშუქებს. ასევე, ორიგინალის მსგავსად, ახალი მოდელის მთავარი კოზირი აეროდინამიკური ეფექტურობაა — ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტი კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა... რაც შეეხება სალონს, აქ გადამუშავებული, ეკოლოგიურად სუფთა მასალებია გამოყენებული, ხოლო მულტიმედიური სისტემა სრულად ხელოვნური ინტელექტით იმართება.

პლატფორმა და ტექნიკური მონაცემები

A2 e-tron-ი Volkswagen Group-ის განახლებულ ელექტრო პლატფორმაზეა აგებული. გერმანელები ბაზარზე რამდენიმე კომპლექტაციას წარადგენენ: საბაზო ვერსია აღჭურვილია 60 კვტ/სთ ბატარეითა და უკანა ღერძზე განთავსებული 201-ცხენისძალიანი ელექტროძრავით. მისი ერთი დამუხტვით სვლადობა 450 კილომეტრამდე აღწევს. რაც შეეხება A2 e-tron quattro ვერსიას, ის ორ ელექტროძრავას მიიღებს, რაც 300-ზე მეტ ცხენისძალასა და უფრო ტევად ბატარეას ნიშნავს. შესაბამისად, ერთი დამუხტვით ელექტრომობილი 520 კილომეტრის გავლას შეძლებს.


გარდა ამისა, 800-ვოლტიანი არქიტექტურის წყალობით, სწრაფი დამმუხტველიდან ბატარეის 10%-დან 80%-მდე შევსება სულ რაღაც 18 წუთშია შესაძლებელი.

Audi A2 e-tron-ის ევროპული გაყიდვები წლის ბოლომდე დაიწყება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს მოდელი გახდება ყველაზე ხელმისაწვდომი ელექტრომობილი Audi-ს საწარმოო ხაზში — საწყისი ფასი ევროპაში დაახლოებით 38 000 ევროდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები