10 წარმოუდგენლად ძვირად ღირებული ავტომობილი, რომელსაც სპორტსმენები ფლობენ
სპორტსმენების ავტოკოლექციები განსაკუთრებით საინტერესო მოდელებითაა დაკომპლექტებული, რომელშიც არაერთ ძვირად ღირებულ და იშვიათ სუპერქარსა თუ კლასიკასაც გადააწყდებით. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილებიც მათი შემოსავლების შესაბამისია და გასაკვირიც არაა, რომ, მაგალითად, კრიშტიანუ რონალდოს კოლექციის ღირებულება უკვე 30 მილიონ ევროს აღემატება.
პორტუგალიელს არც სხვა სპორტსმენები ჩამოუვარდებიან. წარმოუდგენლად ძვირად ღირებულ და იშვიათ მოდელებს ფლობენ, როგორც Formula 1-ის პილოტები, ასევე ფეხბურთელები თუ NBA-ს და NFL-ის ვარსკვლავები. ზოგის შემთხვევაშიც, მსგავსი ავტომობილების მფლობელობა მხოლოდ ჭორის დონეზე თუ ვიცით და დადასტურებული არცაა. მაგალითად, ლიონელ მესის, ტომ ბრედის, წარსულში ხშირად რამდენიმე მილიონიან სუპერქარებს უკავშირებდნენ, თუმცა ეს ვარაუდები არც არასდროს დადასტურებულა.
ფერნანდო ალონსო
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ Formula 1-ის პილოტებს ტრასის გარეთაც სანახაობრივი მანქანები ჰყავთ. ასეთია F1-ის ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსოც, რომელმაც ცოტა ხნის წინ Pagani Zonda Diamante Verde შეიძინა. V12-ძრავიანი ულამაზესი მოდელით ის მონაკოში შენიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ Zonda-ს ფასი დადასტურებული არაა, Carscoops-ის ცნობით, მისი უნიკალური ვერსიები $10 მილიონზე ძვირადაც კი იყიდება.

კარიმ ბენზემა
მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელის კოლექციაში კი, როგორც ცნობილია, სხვა ძვირად ღირებულ მოდელებთან ერთად, თვალისმომჭრელი Bugatti Chiron-იც ინახება. 8-ლიტრიანი, W16-ით აღჭურვილი სუპერქარი 1 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და შავ-თეთრ ფერებშია შესრულებული. სავარაუდოდ, ბენზემას ეგზემპლარის ღირებულება $3 მილიონამდეა.

ერლინგ ჰოლანდი
ჰოლანდის კოლექციაში, Supreme-ს უცნაურ ქარავანთან ერთად, რომელიც ცოტა ხნის წინ განვიხილეთ, რამდენიმე საინტერესო მოდელიც იმალება. მათ შორის, ჰოლანდი F1-ის ძრავიან Mercedes-AMG One-ს და Rolls-Royce Cullinan-ს ფლობს. ჩვენს ყურადღებას იმსახურებს $5 მილიონად შეფასებული Bugatti Tourbillon-იც, რომელიც, როგორც ამბობენ, მან ნორვეგიელ მილიარდერ ოლე ერტვააგთან ერთად შეიძინა.

ლუის ჰამილტონი
Ferrari-ს პილოტმა ცოტა ხნის წინ თავისი ყველა ავტომობილის გაყიდვის შესახებ განაცხადა და მოგვიანებით ისიც თქვა, რომ მას მხოლოდ ერთი, მისთვის გამორჩეული მოდელის ფლობა სურდა. ეს სურვილი კი ძალიან მალე აიხდინა და საზოგადოებას თავისი Ferrari F40 წარუდგინა. ESPN-ის ინფორმაციით, აუქციონზე სუპერქარის მაქსიმალურმა შეფასებამ $8 მილიონს მიაღწია.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი
იბრაჰიმოვიჩის თავდაჯერებულობის შესახებ წესით გსმენიათ და არც მისი ფრაზა — „Fiat-ებს შორის მე Ferrari ვარ“ — გაგაკვირვებდათ. დაახლოებით ამ წინადადების თქმის პერიოდში კი ფეხბურთელმა Ferrari Monza SP2 შეიძინა, რომელიც დაახლოებით $2 მილიონის ღირებულების იყო. 2025 წელს კი ზლატანმა $4.4 მილიონად შეფასებულ Ferrari F80-თან ერთადაც გამოაქვეყნა ფოტო.

ლებრონ ჯეიმსი
ლებრონ ჯეიმსის ავტომობილებით გატაცებას სათავეს ჯერ კიდევ მისი ბავშვობიდან იღებს. „ყოველთვის მსურდა საოცარი მანქანები მყოლოდა და ისინი მემართა. ეს უბრალოდ ქალაქის ღარიბ უბანში გაზრდილი ბავშვის ოცნებაა“, — განუცხადა მან ერთხელ Vanity Fair-ს. ოცნებაც ახდა და ახლა, სხვა სუპერექსკლუზიურ მოდელებთან ერთად, ლებრონის ავტოფარეხში $1.4 მილიონად შეფასებულ Porsche 918 Spyder-საც შეხვდებით.

მაიკლ ჯორდანი
2024 წელს ლებრონ ჯეიმსმა უნიკალური Battista Targamerica-სთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. სპეციალურად დამზადებული ღიასახურავიანი მოდელი ლეგენდარული კალათბურთელის მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა. მისი შესაძლებლობებისა და ექსკლუზიურობის გათვალისწინებით კი, მოდელის ღირებულება სავარაუდოდ $2 მილიონზე მეტია.

ნეიმარი
2025 წელს ბრაზილიელმა თავისი ავტოფარეხი $1.25 მილიონად შეფასებული Ferrari Purosangue-ს SUV-ით გაამდიდრა. თუმცა ეს ჯერ არაფერია. არსებობს დაუდასტურებელი ცნობებიც, რომ „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელის ავტოფარეხში უიშვიათესი Lamborghini Veneno ინახება. მისი ღირებულება $4.5 მილიონს აღწევს.

მაქს ფერსტაპენი
მანამ, სანამ ზედიზედ ოთხ ტიტულს მოიგებდა, ფერსტაპენმა Aston Martin Valkyrie-ს პროტოტიპი გამოცადა. ახლა კი ეს მოდელი უკვე მის საკუთრებაშია. ამ ავტომობილს Cosworth-ის შექმნილი V12 ძრავა აქვს, რომელიც წუთში 11 000 ბრუნს ასრულებს. ეს ძრავა ჰიბრიდულ სისტემასთან ერთად 1 139 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე 402 კმ/სთ-ია. როგორც ცნობილია, მოდელის ღირებულება $3.5 მილიონს შეადგენდა.

კრიშტიანუ რონალდუ
როგორც გითხარით, პორტუგალიელის ავტოკოლექციის ღირებულება უკვე 30 მილიონ ევროს აჭარბებს. მის ავტოფარეხში კი 40-ზე მეტი ავტომობილი ინახება. თუმცა რონალდუს ჩვენთვის ცნობილი ავტომობილებიდან ყველაზე ძვირად ღირებული მოდელი Bugatti Centodieci-ია. Bugatti-მ ეს მოდელი 2019 წელს მხოლოდ 10 ეგზემპლარად გამოუშვა და თითოეული მათგანი წარმოების დაწყებამდე გაიყიდა. ამ მოდელის საწყისი ფასი (გადასახადების გარეშე) €8 მილიონამდე იყო, თუმცა მისი იშვიათობის გამო, ზოგიერთი ეგზემპლარის ღირებულებამ უკვე 10 მილიონს მიაღწია.
