Aa Aa
5 დეკემბერი 2022  |  11:43

Lamborghini-მ „ქროსოვერი“ შექმნა და ის 602 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

დიდხნიანი ლოდინის შემდეგ Lamborghini Huracan Sterrato-ს დებიუტი შედგა! გასულ სამშაბათს 2022 წლის Art Basel-ის ღონისძიებაზე კომპანიამ თავისი ახალი მოდელი ავტოსამყაროს გააცნო.

ეს მოდელი 2019 წელს ნაჩვენები Huracan Sterrato-ს კონცეპტის საწარმოო ვერსიაა. ის Lamborghini-ის უკანასკნელი ავტომობილი იქნება, რომელიც მხოლოდ შიგაწვის ძრავით გამოვა. Aventador-ის მემკვიდრე, რომელსაც 2023 წელს ვიხილავთ, V12-ძრავიანი დამუხტვადი ჰიბრიდი იქნება. „ლამბოს“ ყველა სამომავლო კი მოდელი ელექტრო ტექნოლოგიით აუცილებლად იქნება აღჭურვილი. 



ეს გარემოება Huracan Sterrato-ს უფრო სასურველ ავტომობილად აქცევს. კოლექციონერებისთვის კი უფრო საინტერესო ისაა, რომ მისი წარმოება მსოფლიოს მასშტაბით 1 499 ერთეულამდეა შეზღუდული.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა Lambo-ს „სუპერ-ქროსოვერი" - Sterrato! Sterrato იტალიური სიტყვაა და ის გრუნტის სარბოლო ტრასას ნიშნავს. კომპანია სახელითაც მიანიშნებს, რომ მოდელი რალის სტილის გზებისთვის და უსწორმასწორო გზებზე სასიარულოდ იქნება განკუთვნილი. ავტომობილს Rally-ის რეჟიმიც აქვს, რომელიც მცირე მოჭიდების პირობებში მაღალი სიჩქარის განვითარების საშუალებას გვაძლევს. ახალ რეჟიმთან ერთად, Sterrato-ს კარგად ნაცნობი Strada (ქუჩა) და Sport რეჟიმებიც აქვს.

„Sterrato-ს შექმნისას ჩვენ შევძელით უნიკალური შედეგის მიღება - ეს არის ნამდვილი სუპერქარისა და რალის ავტომობილის სინთეზი“, - განაცხადა Lamborghini-ის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, როუვენ მორმა.

Rally-ის რეჟიმის გარდა Huracan Sterrato-ს 44 მმ-ით უფრო მაღალი კლირენსიც გამოარჩევს. მოდელი სტანდარტულ Huracan-ზე წინ 33 მმ-ით, ხოლო უკან 34 მმ-ით უფრო განიერიცაა. ბორბლის თაღების ხუფები და კორპუსის განიერი დეტალები მანქანის ვიზუალს უფრო თვალშისაცემს ხდის.


დამატებითმა გაუმჯობესებამ უამრავი დეტალი მოიცვა: მანქანას წინ ალუმინის დამცავი დეტალები, გაძლიერებული გვერდითა ლარტყები, ახალი დიფუზორი, განახლებული მაშუქები და სახურავზე დამაგრებული ჰაერის შემშვები აქვს. ეს უკანასკნელი დეტალი არამხოლოდ საინტერესოდ გამოიყურება, არამედ ძრავს სუფთა ჰაერს მტვრიან პირობებში გადაადგილებისას აწვდის. მსურველები სახურავზე საბარგულის დამონტაჟებასაც შეძლებენ.

Sterrato-ს სისხარტეზე პასუხისმგებლობას ყველასთვის კარგად ნაცნობი 5.2-ლიტრიანი V10 იღებს. ამ ვერსიაში ეს ძრავა 601 ცხენის ძალასა და 660 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრე ოთხივე საბურავზე 7-სიჩქარიანი ორმაგი ქუროს მქონე ტრანსმისიით ნაწილდება. მექანიკურად ბლოკირებადია უკანა ხიდი. შედეგად, ასფალტის გზაზე მანქანა 100-კმ/სთ-ს 3.4 წამში ავითარებს.


როგორც მოგეხსენებათ, სწრაფ ავტომობილს კარგი მუხრუჭებიც სჭირდება. ამაზე კარბონ-კერამიკული სამუხრუჭე დისკები და 6-დგუშიანი სუპორტები ზრუნავს. ბორბლების თაღებს კი 19-იანი დისკები ავსებს, რომელზეც Bridgestone Dueler AT002 საბურავებია გადაკრული. წინა საბურავის ზომა 235/40-ა, ხოლო უკანა 285/40 გახლავთ.


სალონი Lamborghini-მ ალკანტარით გააფორმა, ხოლო მაჩვენებელთა დაფაზე და მულტიმედიის სისტემაში ახალი ელემენტები შემოიტანა. მძღოლს ინტერიერში კომპასი, გეოგრაფიული კოორდინატორის მაჩვენებელი, მოხვევის კუთხის მაჩვენებელი და დახრის კუთხის მაჩვენებელი ექნება.

Huracan Sterrato-ს წარმოება მომავალ ზაფხულს დაიწყება. ფასის შესახებ ინფორმაცია კი ამ დრომდე არ გავრცელებულა.

თქვენ რა თანხას დათმობდით Lamborghini-ის „ქროსოვერის“ სანაცვლოდ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: