„Mercedes-Benz-ი ამერიკაში უნდა დარჩეს“ | რა გამოსავალს ეძებენ კანონმდებლები?
Mercedes-Benz-ი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უმსხვილესი ავტომწარმოებელია, თუმცა კომპანიას ჩინეთთანაც მნიშვნელოვანი კავშირები აქვს. ეს კავშირი კი შესაძლოა მისთვის პრობლემადაც ქცეულიყო და ავტომწარმოებელი ამერიკის შეერთებული შტატების მიღმა დაეტოვებინა...

საქმე ის გახლავთ, რომ აშშ-ში ახლა ორპარტიული კანონპროექტი განიხილება, რომელიც ჩინეთთან დაკავშირებული პროგრამული და აპარატული ტექნოლოგიების მქონე ავტომობილების იმპორტს, წარმოებასა და გაყიდვას კრძალავს. თუმცა კანონპროექტის მხარდამჭერი ერთ-ერთი ოფიციალური პირი ირწმუნება, რომ Mercedes-ს აშშ-დან გაქრობა არ ემუქრება.
კანონპროექტი, რომლის განხილვაც ცოტა ხნის წინ შეჩერდა და, სავარაუდოდ, ნოემბრის შემდეგ განახლდება, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ მიღებულ რეგულაციებს ეფუძნება. ამ რეგულაციებით, აშშ-ის ბაზარზე ჩინური ავტომობილების გაყიდვა ფაქტობრივად უკვე შეზღუდულია.

ხოლო ახალი კანონპროექტით, აშშ-ში ავტომობილების გაყიდვა იმ კომპანიებსაც ეკრძალებათ, რომელთა 15%-ზე მეტს ჩინელი მფლობელები ფლობენ. ამჟამად, Beijing Automotive Group-ს (BAIC Group) Mercedes-Benz-ში 9.98%-იანი წილი აქვს, ხოლო Geely-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ლი შუფუ დამატებით გერმანული კომპანიის 9.7%-ს ფლობს.
გამოდის, რომ საერთო ჯამში, ჩინურ მხარეს ავტოწარმოებლის დაახლოებით 20% ეკუთვნის. ეს კი აშშ-ის ახალი კანონპროექტით — დამტკიცების შემთხვევაში — დადგენილ ზღვარს აღემატება. თუმცა რეგულაციების მხარდამჭერი ოფიციალური პირების განცხადებით, აუცილებელია ისეთი დაშვების პოვნა, რაც Mercedes-ს აშშ-ში ოპერირების გაგრძელების საშუალებას მისცემს.
„ჩვენ არ ვაპირებთ იმ კანონპროექტის მიღებას, რომელიც Mercedes-Benz-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში აკრძალავს. უნდა გამოვიკვლიოთ, თუ როგორ მოგვარდება ეს საკითხი“, — განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა.

მან ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იმის შესაძლებლობა, რომ Mercedes-ი ჩინური მფლობელობის 15%-ზე ქვემოთ შემცირებას ისე შეძლებს, რომ კომპანიის საქმიანობას სერიოზული ზიანი არ მიადგეს. მორენომ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, შეძლებს თუ არა Mercedes-Benz ჩინური მფლობელობის 15%-ზე ქვემოთ შემცირებას ისე, რომ ამან კომპანიის საქმიანობას სერიოზული ზიანი არ მიაყენოს.
კანონმდებლებს ასევე მოუწევთ ისეთი გამოსავალი იპოვონ, რომელიც Volvo-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილების გაყიდვის გაგრძელების საშუალებას მისცემს. Volvo-ს აქციების დიდი ნაწილიც, ასევე, ჩინური Geely-ს საკუთრებაშია. ამასთან, Geely ბრიტანული Aston Martin-ის დაახლოებით 17%-საც ფლობს, რაც ასევე აღემატება დადგენილ ნორმებს.