Opel, Lotus, Carlton, Omega
Aa
Aa

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი „ოპელის“ ორი ეგზემპლარი გასაყიდადაა გამოტანილი

მსურველებს ისტორიაში ყველაზე სწრაფი და დაუფასებელი სედანების ფლობა შეუძლიათ.

Opel Lotus Omega ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სპორტული სედანია, რაც ოდესმე შექმნილა. 1992 წელს გამოსულ ავტომობილს 377 ცხენის ძალა ჰქონდა და 281 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლო. ახლა კი ამ მოდელის ორი ეგზემპლარი ფლორიდის სადილეროში გასაყიდადაა გამოტანილი.

ამ მანქანების სახელწოდება Lotus Carlton-ი არ არის. ეს Omega-ას ეგზემპლარებია, რაც ნიშნავს, რომ მარცხენასაჭიან ვერსიებთან გვაქვს საქმე. Lotus Omega Carlton-ს ჩვენ ბლოგიც მივუძღვენით, რომლის გახსნასაც ამ ლურჯ სიტყვებზე ხელის დაჭერით შეძლებთ. მოკლედ რომ გითხრათ, ეს იყო ავტომობილი, რომელიც თავისი დროის „სუპერქარებს“ სისხლს უშრობდა.




საკმაოდ ჩვეულებრივ Opel Omega-ს ან Vauxhall Carlton-ის სედანზე დაფუძნებული მოდელი მნიშვნელოვნად იყო მოდიფიცირებული. ინჟინრებმა მას ძრავა გაუუმჯობესეს. დაამატეს ტურბინებიც. სამუხრუჭე სისტემა 4-დგუშიანი სუპორტებით გააძლიერეს. 3.6-ლიტრიანი ძრავიდან წამოსულ სიმძლავრეს კი 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი უკანა ღერძზე ანაწილებდა.

მონაცემებისა და შესაძლებლობების გარდა, Lotus Carlton-ის ან Omega-ს რეპუტაციაზე ამ მანქანების გამოყენებასაც ჰქონდა გავლენა. 1990-იანებში Lotus Carlton Omega-ს პოლიციის ვერც ერთი მანქანა ეწეოდა, რის გამოც მძარცველები  ამ ავტომობილებით წარმატებით გარბოდნენ. ბრიტანეთში Lotus Carlton-ის შეძენის აკრძალვაზეც იყო საუბარი.



მოიხიბლეთ, არა? სწორედ ეს მანქანებია ახლა გამოტანილი ფლორიდის ერთ-ერთ სადილეროში. ერთ-ერთ ეგზემპლარს 70 000 მილი (112 000 კმ) აქვს გარბენი და 69 850$-ად არის შეფასებული. განცხადებიდან ვიგებთ, რომ ეს ეგზემპლარი უმეტესი დრო საფრანგეთში ჰყავდათ. აშშ-ში კი 3 წლის წინ მოხვდა.

მეორე Omega საკოლექციოდ უფრო გამოდგება. მისი ოდომეტრი 36 500 მილს (58 741 კმ) აჩვენებს. ფასი 84 000$-ს აჭარბებს. მანქანას მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავდა და სერვისი მუდმივად Opel-ის სადილეროში უტარდებოდა.



ორივე ავტომობილი „ბრიტანულ სარბოლო მწვანეშია“ შეღებილი და შავი ფერის ინტერიერი აქვს.

შეიძენდით ამ ავტომობილებს მითითებული თანხის სანაცვლოდ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები