ნასვამი შვილი საჭესთან რომ არ დამჯდარიყო, მამამ მისი BMW 3 Series Coupe დააზიანა
ეს შვილისთვის კარგი გაკვეთილი იქნება?
E92 თაობის შესანიშნავ BMW 3 Series Coupe-ს ახლა შეკეთება სჭირდება. არა ავარიის გამო, არამედ ვანდალიზმის ფაქტის, რომელიც იმ ადამიანმა ჩაიდინა, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელი. იმისთვის, რომ საჭესთან შვილი ნასვამ მდგომარეობაში არ დამჯდარიყო, მამამ ავტომობილი დააზიანა.
მას შემდეგ, რაც ნასვამმა შვილმა გასაღების გადაცემაზე უარი თქვა, მამამ გადაწყვიტა მკაცრი ზომები მიეღო. როგორ? მან მდიდრული სპორტული კუპე განზრახ დააზიანა. წერაქვის გამოყენებით ფანჯრები ჩატეხა, კორპუსი და დისკები დააზიანა. ალბათ, საბურავების დახეთქვა უფრო ჭკვიანური და ეკონომიურიც იქნებოდა, ვიდრე უდანაშაულო BMW-ს ამგვარი დაზიანება.
ეს შემთხვევა ესპანეთში, ლოგრონიოში მოხდა. გამვლელმა პოლიციას ვანდალიზმის შესახებ აცნობა. ადგილზე მისულმა პოლიციამ შენიშნა, როგორ გაიქცა SUV-ი დანაშაულის ადგილიდან. მოგვიანებით მეორე პოლიციის ავტომობილიც მივიდა. ავტომობილში ორი ადამიანი დაინახეს. საჭესთან მამა იჯდა, გვერდით კი 32 წლის ნასვამი შვილი.
მამამ პოლიციას აუხსნა, რა მოხდა სინამდვილეში. აღიარა, რომ შვილთან კამათი მოუვიდა. მას შემდეგ, რაც შვილს გასაღები ვერ წაართვა, ავტომობილის დასაზიანებლად წერაქვი გამოიყენა.
შვილმა ალბათ გაკვეთილი ისწავლა, მაგრამ მამის მეთოდები საკამათოა. სავარაუდოდ, მამა ამ საქციელის გამო დააჯარიმეს კიდეც. როგორც ჩანს, უკანაწამყვან კუპეს ზედაპირული დაზიანებების გარდა, სერიოზული ზიანი არ მისდგომია.