გატაცება 60 წამში: ქურდებმა 6 Hellcat-ი მოიპარეს
მოგვიანებით, მაღალ სიჩქარეზე დევნაც იყო.
28 თებერვალს ქურდებმა კენტუკიში, სომერსეტში სადილეროდან 6 Dodge Challenger Hellcat-ი 1 წუთზე ნაკლებ დროში მოიპარეს. ვიდეოში ჩანს, როგორ იპარებიან ქურდები სადილეროში და რამდენად სწრაფად ახერხებენ ავტომობილებით გაქცევას.
4 Hellcat-ი საჩვენებელ ოთახში იდგა. დანარჩენი 2 გარეთ იყო გაჩერებული. კამერამ, თავისი კუთხიდან გამომდინარე, მხოლოდ 3 ავტომობილის მოპარვის კადრები დააფიქსირა.
როგორ შეძლეს ქურდებმა ავტომობილის ასე მარტივად მოპარვა? როგორც აღმოჩნდა, გასაღებები ავტომობილებში იყო დატოვებული. გარეთ მდგარი ორი ავტომობილის გასაღები კი შენობაში იპოვეს.
ავტომობილს სანომრე ნიშნებიც კი დაუყენეს. სადილეროში ფიქრობენ, რომ ამ საქმეში შესაძლოა მათი თანამშრომელი იყოს გარეული, რადგან ქურდები უსაფრთხოების სისტემას საეჭვოდ მარტივად გაუმკლავდნენ.
„როცა უსაფრთხოების სისტემა დარღვევას შენიშნავს, სიგნალიზაცია 60 წამის შემდეგ ირთვება. ქურდები 20 წამის წასულები იყვნენ, როცა ჩაირთო. პოლიცია ადგილზე 3 წუთის შემდეგ გაჩნდა. საკმაოდ კარგი რეაგირება იყო“, - ამბობს სადილეროს მენეჯერი ადამ ბრაიანტი.
ქურდობიდან 1 საათის შემდეგ კენტუკის პოლიციამ მოპარულებიდან 4 ავტომობილი ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე შენიშნა, თუმცა, ქურდები 290კმ/სთ-ით გადაადგილდებოდნენ და პოლიციას დაუსხლტნენ. საბოლოოდ, მათგან ერთ-ერთის დაკავება პოლიციის სხვა დანაყოფმა შეძლო. 19 წლის მძღოლი ავტომობილიდან გადმოვიდა და ფეხით გაქცევა სცადა, თუმცა, პოლიციამ დააკავა.