Alfa Romeo-ს პილოტმა ვალტერი ბოტასმა იშვიათი Giulia GTAm შეიძინა
ბოტასი იშვიათი მოდელის მფლობელი გახდა.
Alfa Romeo-მ GTA მარკა 2020 წელს განაახლა და Giulia სედანი წარმოგვიდგინა, რომელიც მხოლოდ 500 ეგზემპლარამდეა შეზღუდული.
500 ეგზემპლარიდან ერთ-ერთი ვალტერი ბოტასმა შეიძინა, რომელიც ამჟამად ფორმულა 1-ის Alfa Romeo-ს გუნდის ერთ-ერთი პილოტია.
მან, რა თქმა უნდა, სარბოლო ტრასისთვის განკუთვნილი Giulia GTAm აირჩია. მას ახალი ავტომობილის გასაღები ტურინში, იტალიაში გადასცეს.
„მთელი ცხოვრებაა ავტომოყვარული ვარ და ყველაზე მეტად Alfa Romeo მიყვარს. დიდი პატივია, რომ ამ ბრენდის სახე ვარ და ახლა უკვე კლიენტიც“, - ამბობს ბოტასი.
ფინელი პილოტი Alfa Romeo-ს გუნდში 2022 წელს გადავიდა. როცა ეს ავტომობილი გამოვიდა, ბოტასი გუნდის წევრი არ იყო და ავტომობილის განვითარებაში მონაწილეობა არ მიუღია. ეს პატივი გუნდის მაშინდელ პილოტებს კიმი რაიკონენს და ანტონიო ჯოვინაცის ერგოთ.
GTA და GTAm ვერსიებს ტვინ ტურბო 2.9-ლიტრიანი V6 ძრავა აქვს, რომელიც Giulia Quadrifoglio-სგან აიღეს. თუმცა, ცხენის ძალები გაზრდილია და 532-ს შეადგენს. 100კმ/სთ-მდე 3.6 წამში აღწევს. GTAm ვერსიას უკან დიდი ზომის ფრთა აქვს. სალონში კი უსაფრთხოების ნორმები გაძლიერებულია.
2026 წლიდან ფორმულა 1-ში Alfa Romeo შეიძლება აღარ იყოს. იტალიური ბრენდი ამჟამად Sauber-თან თანამშრომლობს, რომელიც 2026 წლიდან Audi-ს გუნდი გახდება. Alfa Romeo-ს კონტრაქტი Sauber-თან 2023 წლის ბოლოს სრულდება და ავტომწარმოებელს მომავლის გეგმები ჯერ არ გაუმხელია.