ავტოპილოტი, ელექტრომობილები, თვითმართვადი ავტომობილები, ტესლა, ტესლა მოდელ უაი, ტექნოლოგიები
Aa
Aa

Tesla Model Y ფლორიდიდან ოჰაიოში თავისით ჩავიდა — მძღოლი საქმეში მხოლოდ 1-ხელ ჩაერთო

თვითმართვადი ავტომობილების შესახებ კითხვა რამდენიმე წლის წინ რომ დაგესვათ, ალბათ გიპასუხებდით, რომ ეს შორეული მომავალია, თუმცა როგორც ჩანს, ეს მომავალი იმაზე ადრე დადგა, ვიდრე ველოდით... იუთუბერმა თავისი Tesla Model Y-ის ავტოპილოტს ფლორიდიდან ოჰაიოს შტატში დაბრუნება ანდო და ეს მრავალსაათიანი მგზავრობა გადაიღო კიდეც. 2 დღეზე გადანაწილებული მარშრუტი სისტემის შესაძლებლობებისა და სუსტი მხარეების საინტერესო ტესტი აღმოჩნდა.

მძღოლი გზის უმეტეს ნაწილზე Tesla-ს მიერ ახლახან დამატებულ Mad Max სიჩქარის პროფილს იყენებდა. ეს რეჟიმი ავტომობილს საშუალებას აძლევს იმოძრაოს უფრო მაღალი სიჩქარით (დაახლოებით 137 კმ/სთ) და მოძრაობის ზოლი უფრო ხშირად შეცვალოს. შორ დისტანციებზე FSD-მ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა — ავტომობილი თავად გეგმავდა დამმუხტველ სადგურებამდე მარშრუტს და პროცესს დამოუკიდებლად მართავდა.

ყველაზე კრიტიკული მომენტი ფლორიდის შტატში, თავსხა წვიმის დროს შეიქმნა. ვინაიდან Tesla-ს ავტოპილოტი მხოლოდ კამერებს ეყრდნობა და არა რადარსა და ლიდარს, ხილვადობის მკვეთრად შემცირების გამო ეკრანზე გაფრთხილება გამოჩნდა. მძღოლმა აქ მართვა საკუთარ თავზე აიღო და საავარიო ციმციმები ჩართო. წვიმის გადაღების შემდეგ ავტოპილოტის ხელახლა ჩართვისას, ავტომობილმა საავარიო განათება თავად გამორთო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის გზატეცილების უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) უკვე გააფართოვა გამოძიება Tesla-ს FSD-ს ეფექტურობაზე ცუდი ხილვადობის პირობებში, რადგან არსებობს რისკი, რომ სისტემამ ყოველთვის ვერ შეაფასოს კამერების შეზღუდული ხილვადობა. ჯორჯიის შტატში შეჩერებისას მძღოლმა ავტომობილის სალონში ჰაერის ლეიბი გაშალა და Camp Mode-ი გააქტიურა. 7.5 საათის განმავლობაში, კონდიციონერის მუშაობისას, ელემენტმა მუხტის მხოლოდ 13% დაკარგა, რაც საათში დაახლოებით 1%-ს შეადგენს.

მეორე დღეს მძღოლმა FSD-ით გადაადგილებისას ისაუზმა კიდეც, თუმცა სალონის კამერა მუდმივად აკონტროლებდა მის მზერას — გზისთვის თვალის დიდხანს არიდება სისტემის გაფრთხილებას იწვევს. საბოლოოდ, შორი გზის გავლის შემდეგ, Tesla ოჰაიოში მშვიდობით ჩავიდა.

მსგავსი სიახლეები