Tata-მ ახალი სედანი 20 ტონა ქვის ნამსხვრევების ქვეშ ჩამალა
Tata-მ ინდოეთის ბაზრისთვის ახალი, პატარა ზომის სედანი Aeris-ი წარადგინა, რომლის საწყისი ფასი დაახლოებით $5 500-დან იწყება. მოდელი, ფაქტობრივად, 2017 წლიდან წარმოებაში არსებული Tigor-ის მნიშვნელოვნად განახლებული ვერსიაა, რომელმაც 2020 და 2025 წლებში განახლებები უკვე მიიღო.

Aeris-ის სიგრძე 3 995 მმ-ია, ხოლო თვლების ბაზა — 2 450 მმ. ახალ მოდელს ავტომწარმოებელმა ბოლო განახლებული Tigor-ის მსგავსი, უფრო მარტივი და აგრესიული დიზაინის მაშუქები შეუხამა, ამას დამატებული სრულად დაფარული, პრიალა შავი ცხაური და ახალი ბამპერი.
შედარებით ძვირად ღირებულ ვერსიებში კი 10.25-დუიმიანი გასართობ-ინფორმაციული ეკრანი, ციფრული ხელსაწყოთა პანელი, სმარტფონებისთვის უსადენო დამტენი, 360-გრადუსიანი კამერა, უკანა პარკირების სენსორები, ჩაშენებული ვიდეორეგისტრატორი და წინა სავარძლების ვენტილაციაა ხელმისაწვდომი.

აგრეგატების არჩევანი ორ 1.2-ლიტრიან, ატმოსფერულ ძრავას მოიცავს — ბენზინის ძრავა 85 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, CNG-ზე (გათხევადებული ბუნებრივი აირი) მომუშავე ვერსია კი — 75 ცხენის ძალას. ორივე შემთხვევაში სიმძლავრე წინა ბორბლებს 5-სიჩქარიანი მექანიკური ან ავტომატური გადაცემათა კოლოფით გადაეცემა.

თუმცა Tata-მ მხოლოდ ტექნიკური მონაცემებით ავტომობილის შესაძლებლობების წარმოჩენა არ იკმარა. კომპანიამ ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო ტესტს მიმართა და Aeris-ი ჯერ ღრმა წყალში ჩაიყვანა, შემდეგ კი ქვიან ზედაპირზეც გამოცადა. შედეგად, ავტომობილის სახურავზე სატვირთოდან 20 ტონა ქვისა და ნამსხვრევების გადმოყარა და ავტომობილი სრულად დამარხა.
ნამსხვრევებისგან გათავისუფლების შემდეგ ავტომობილის სახურავი სულ ოდნავ იყო დეფორმირებული, ხოლო მინები ჩამსხვრეული. თუმცა სამგზავრო სივრცე ხელუხლებელი დარჩა. საინტერესოა, რომ ავტომობილის ძრავაც დაიქოქა და მიწოლის გარეშეც შეძლო მოძრაობა.
ცხადია, 20 ტონა ნამსხვრევი ავტომობილს ერთდროულად არ დასცემია — ისინი ეტაპობრივად იყრებოდა. თუმცა Tata-მ შეძლო დაემტკიცებინა, რომ Aeris-ს კონსტრუქციული გამძლეობის მაღალი დონე აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ავტომობილებისთვის საკმაოდ დაბალი ფასი გამოარჩევს.