Aa Aa
22 აგვისტო 2023  |  09:46

ეს 405-ცხენისძალიანი, 3.5-ლიტრიანი E30 M3-ია!

ამ BMW E30 M3-ს Alpina B7 S Turbo-ს 3.5-ლიტრიანი ტურბინიანი 6-ცილინდრიანი ძრავა აქვს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში E30 თაობის M3 კოლექციონერებში ძალზედ სასურველი ავტომობილი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ავთენტური მოდელების ფასები საოცრად მზარდია, Manhart-მა ამ ავტომობილის სრული მოდიფიცირება გადაწყვიტა.

E30-ის მეტამორფოზისთვის Manhart-მა 2.3-ლიტრიანი ქარხნული ძრავა 3.5-ლიტრიანი ტურბინიანი აგრეგატით ჩაანაცვლა. ამ ძრავით Alpina B7 S Turbo იყო აღჭურვილი. Alpina-ს ინჟინრებმა ამ ძრავიდან 330 ცხენის ძალისა და 500 ნიუტონ მეტრის ამოღება შეძლეს. ეს მონაცემი Manhart-ისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მცირედი მოდიფიცირების შემდეგ სიმძლავრე 405 ცხენის ძალამდე და 650 ნიუტონ მეტრამდე გაზარდეს. საოცარია არა? BMW M3-ში Alpina-ს ძრავა, რომელიც Manhart-მა გააძლიერა! რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?




სიმძლავრე 5-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფითა და Drexler-ის დიფერენციალით უკანა ბორბლებზე ნაწილდება. თუ ამ ყველაფერთან ერთად ავტომობილის წონას გავითვალისწინებთ (~ 1 133კგ), მაშინ საქმე ნამდვილ რაკეტასთან გვაქვს!

ძრავის გარდა, Manhart-მა მოდიფიცირება გამშვებ სისტემასაც ჩაუტარა. ასევე, გაუმჯობესებულია მუხრუჭები. ავტომობილის გაჩერებას ახლა Brembo-ს 4-დგუშიანი მუხრუჭები უზრუნველყოფს. განახლდა დაკიდების სისტემა. H&R-ის ამორტიზატორებმა მანქანა მიწასთან უფრო მიაახლოვა.





ავტომობილი ვიზუალურადაც გამორჩეულია. მოდელი მუქ მწვანე ფერშია შეღებილი და წითელი აქცენტები ამშვენებს. წინ 19x8.5 ხოლო უკან 19x9.5 ზომის დისკები Manhart Concave One-ია. განახლებულია სალონიც: საჭე Momo-ს ბრენდისაა, გადამრთველის ბერკეტი ხისგანაა დამზადებული, ერთი სავენტილაციო არხის ნაცვლად პატარა ეკრანი გვაქვს, ხოლო სავარძლები Cardinal Red-ის ფერში შეღებილი ტყავითაა შეკერილი.

სჯობს თუ არა Manhart-ის მიერ გადაკეთებული E30 ქარხნულ M3-ს? იქნებ Alpina-ს ვერსია მოგწონთ ყველაზე მეტად? ნებისმიერ შემთხვევაში, დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

გაზიარება: