საქართველო, ჩინეთი, ავტოიმპორტი, ჩინური ავტომობილები
Aa
Aa

წელს ჩინური ავტომობილების იმპორტის ახალი მაქსიმუმი დაფიქსირდა — რა ჯდება 1 მანქანა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 8 თვეში ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა წლიურად 60%-ით გაიზარდა და გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით ახალი მაქსიმუმი დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 6 189 ერთეული (59.997 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი შემოვიდა, 2025 წლის იგივე პერიოდში — 3 869 ცალი (33.435 მლნ აშშ დოლარის).

შედარებისთვის, 2024 წლის 8 თვეში საქართველოში ჩინეთიდან 1 801 ერთეული (28.412 მლნ აშშ დოლარის) მანქანა შემოვიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში — 1 031 ავტომობილი (13.102 მლნ აშშ დოლარის), 2022 წლის იანვარ-აგვისტოში — 835 ერთეული (6.638 მლნ აშშ დოლარის) და ა.შ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოსთვის ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2026 წლის 8 თვის მდგომარეობით, ჩინური ავტომობილების ღირებულება ზოგად ჭრილში წლიურად მომატებულია.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-აგვისტოს იმპორტის მონაცემებით, ერთი ერთეული ჩინური ავტომობილის საშუალო ღირებულება დაახლოებით 9.7 ათასი აშშ დოლარი იყო, 2025 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში — 8.6 ათასი აშშ დოლარი. (შენიშვნა: ფასი დათვლილია საშუალო მაჩვენებლებით, შესაბამისად, მარკის, მოდელისა და წლოვანების მიხედვით, ღირებულება შესაძლოა, უფრო მეტი ან ნაკლებიც იყოს).

რაც შეეხება მთლიანობაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტს, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ჯამში 146 458 ერთეული ავტომობილი შემოვიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 2.364 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 162 603 ერთეული შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში 2.703 მლრდ აშშ დოლარი იყო.

შესაბამისად, წლიურად ავტომობილების იმპორტი რაოდენობრივად — 9.9%-ით, ხოლო ღირებულებით ნაწილში — 12.5%-ით არის შემცირებული.

წყარო - BPN

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები