სუპერქარები, ელექტრომობილები, ტესლა, ტესლა როუდსტერი, ტესლა როდსტერი
Aa
Aa

Tesla Roadster-ს ოქტომბერში (ალბათ) საბოლოოდ ვიხილავთ

მას შემდეგ, რაც 2017 წლის ბოლოს წარდგენილი მეორე თაობის Roadster-ის წინასწარი ჯავშნებიდან ასობით მილიონი დოლარი მოიზიდა, Tesla-მ მოდელის გამოშვებას საშველი აღარ დააყენა და ლოდინი დღემდე გრძელდება. საბოლოოდ, შესაძლოა ეს პროცესი დასასრულს მიუახლოვდა, რადგან ამერიკული ავტომწარმოებელი კვლავ იწვევს მსურველებს ავტომობილის შესაკვეთად — მოსალოდნელია, რომ ელექტრო-სუპერქარის საბოლოო სერიული ვერსიის პრემიერა ოქტომბრის დასაწყისში შედგება.

როგორც წლების წინ, Tesla ამჯერადაც 50 000 დოლარიან დეპოზიტს ითხოვს. თავდაპირველად მყიდველმა 5000 დოლარი საკრედიტო ბარათით უნდა გადაიხადოს, ხოლო დარჩენილი 45 000 დოლარი 10 დღის ვადაში საბანკო გადარიცხვით გადარიცხოს. ამ გზით მომხმარებელი ჯავშნის ავტომობილს, რომელიც საზოგადოებას საბოლოო სახით ჯერ კიდევ არ უნახავს და რომლის დეტალური მახასიათებლებიც ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება.

როდესაც ავტომობილი პირველად 2017 წლის ნოემბერში წარადგინეს, Tesla აცხადებდა, რომ მიწოდება 2020 წელს დაიწყებოდა. მაშინ კომპანია პირობას დებდა, რომ ავტომობილს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 1.9 წამში შეეძლებოდა, მაქსიმალური სიჩქარე 402 კმ/სთ ექნებოდა, ხოლო სვლის მარაგი — 1000 კილომეტრს მიაღწევდა. წლების განმავლობაში დებიუტი იმდენჯერ გადაიდო, რომ გაჩნდა ეჭვი, გამოვიდოდა თუ არა მოდელი საერთოდ ბაზარზე.

თუმცა, ამ თვის დასაწყისში Tesla-მ დაადასტურა, რომ ავტომობილის ოფიციალური პრემიერა 1 ოქტომბერს, ტეხასის შტატის ქალაქ მაკგრეგორში მდებარე SpaceX-ის ობიექტზე გაიმართება. ავტომწარმოებლის მიერ გამოქვეყნებული ახალი კლიპი მიანიშნებს, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში Roadster-ის დიზაინმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ფოტოზე ჩანს ავტომობილის უკანა ნაწილი, სადაც განთავსებულია ორმაგი LED განათების ზოლი მთელ სიგანეზე და გამოკვეთილი დიფუზორი. გარდა ამისა, ჩანს ოთხი ცივი ჰაერის საქშენი, რომელთა დაყენებასაც მასკი დიდი ხნის განმავლობაში გვპირდებოდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა ფუნქციას შეასრულებს ეს სისტემა.


2017 წლის შემდეგ ელექტრომობილების ინდუსტრიამ კოლოსალური პროგრესი განიცადა. დღეს ბაზარზე უკვე არსებობს ჩინური ელექტრო სედანები და SUV-ები, რომლებიც 1500 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებენ. შესაბამისად, იმისათვის, რომ ახალმა Roadster-მა ფანების იმედები არ გააცრუოს, მან მსოფლიოში საუკეთესო სიმძლავრისა და დინამიკის მაჩვენებლები უნდა შემოგვთავაზოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები