ელექტრომობილები, ბენტლი, მდიდრული მანქანები, ბენტლი ტორკალი
Aa
Aa

Bentley-ს მდიდარი მყიდველების ელექტრომობილებზე გადაყვანა სურს | პირველი EV ტრადიციული დიზაინითა და V8-ის ხმით

Bentley-მ მომხმარებელს პირველი სრულად ელექტრო მოდელი, Torcal-ის SUV, წარუდგინა. ახლა კი, კომპანია ცდილობს დაადგინოს, რამდენად მზად არიან მდიდარი კლიენტები ნულოვანი გამონაბოლქვის ავტომობილზე გადასასვლელად ისე, რომ ბრენდისთვის დამახასიათებელ დიზაინსა და ფუფუნებაზე უარი თქვან.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შთანთქა Rolls-Royce-მა Bentley? - ბნელი ისტორია და უცნობი ფაქტები

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Bentley-ს პირველი ელექტრომობილი გარეგნულად ბრენდის ტრადიციულ იერს ინარჩუნებს. EV-ს შიგაწვის ძრავის მქონე მოდელებისთვის დამახასიათებელი დიზაინის ელემენტები აქვს, მათ შორის ალმასის ფორმის მაშუქები, რომლებიც ტრადიციული სტილის რადიატორის ცხაურს მოგვაგონებს.

კომპანიამ მოდელში V8 ძრავის ხასიათის შენარჩუნებაც სცადა — შედეგად, ავტომობილის სალონში ლეგენდარული აგრეგატის ჟღერადობას კვლავ გაიგებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ის მხოლოდ იმიტირებულია. როგორც ნამდვილ მდიდრულ ავტომობილს შეეფერება, ახალ Bentley-ში სპეციალური ხმოვანი სისტემაა ჩაშენებული, რომელიც რეალური მუსიკალური ინსტრუმენტების ჟღერადობით V8-ს ხმას ქმნის.

როგორც გითხარით, ეს მოდელი Bentley-ს პირველი სრულად ელექტრო ავტომობილია — Torcal-ი საბაზო მოდელია, რომელიც ელექტროწარმადობასა და კომფორტს შორის ბალანსზეა ფოკუსირებული. ხოლო Torcal S-ი Bentley-ს ისტორიაში ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილია. Torcal-ი 810 ცხ.ძ-ს და 1 194 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ხოლო Launch Control რეჟიმის გააქტიურებისას, Torcal S-ის შესაძლებლობები 876 ცხენის ძალას და 1 350 ნიუტონ მეტრს აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ-ია, Torcal S-ის შემთხვევაში კი 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2.8 წამი სჭირდება.

ერთი სრული დამუხტვით, Bentley-ს ელექტრომობილს 600 კილომეტრამდე შეუძლია დაფაროს, ხოლო 10%-დან 80%-მდე დამუხტვა 20 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი.

Bentley-ის აღმასრულებელი დირექტორის, ფრენკ-შტეფენ ვალიზერის განცხადებით, კომპანიის მიზანი თავიდანვე იყო, რომ მათი ახალი ელექტრომობილი, პირველ რიგში, „Bentley“ ყოფილიყო.

„ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ერთადერთი მიზანი, რის გამოც ადამიანები სრულად განსხვავებულ ავტომობილს ითხოვენ, ისაა, რომ ის ელექტროა. ეს [Torcal] უფრო ხელმისაწვდომი Bentley-ია და ის ნამდვილად გვიხსნის ახალ ბაზრებს“, — აღნიშნა ვალიზერმა.

მართლაც, Torcal-ი Bentley-ის შედარებით ხელმისაწვდომ მოდელადაც პოზიციონირდება. მისი საწყისი ფასი დაახლოებით $230 000-ს შეადგენს. შედარებისთვის, Ferrari-ის პირველი ელექტრომობილის, Luce-ის, ფასი $628 000-დან იწყება.

Bentley-ის ინფორმაციით, Torcal-ზე მომხმარებელთა ინტერესი ევროპის რეგიონიდან უკვე წამოვიდა. ასევე დაინტერესებულ ბაზრებს შორისაა ახლო აღმოსავლეთი და აშშ-ის ის შტატები, სადაც ელექტრომობილების გავრცელება მაღალია. ჩინეთში კი ავტომობილის წარდგენის კამპანია მომავალ წელს დაიწყება.

ვალიზერის თქმით, დაინტერესებულთა დაახლოებით ნახევარი Bentley-ის უკვე არსებული კლიენტია. მისივე განმარტებით, ეს პირები ახალ ელექტრომობილს ან საკუთარ ავტოპარკში არსებული ავტომობილის ჩამნაცვლებელ მოდელს ეძებენ. დაინტერესებულთა დაახლოებით 50% კი სრულიად ახალი მომხმარებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები