Toyota-მ წყალბადის შიგაწვის ჰიბრიდული ტექნოლოგიის პატენტი დაარეგისტრირა
Toyota-მ აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ოფისში (USPTO) წყალბადის შიგაწვის ჰიბრიდული სისტემა დააპატენტა, რომელიც სრულიად ცვლის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს ინტეგრირებული შიგაწვის ძრავა ელექტრიფიცირებულ ავტომობილში. ბენზინის ნაცვლად, ახალი სისტემა წყალბადის ძრავზე მუშაობს — თუმცა იგი უშუალოდ თვლებს არ ატრიალებს.
ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა
Toyota-ს ახალ კონცეფციაში წყალბადის ძრავი მხოლოდ გენერატორის ფუნქციას ასრულებს. ის მუხტავს ელემენტს, ხოლო თვლებს მძლავრი ელექტროძრავი ამოძრავებს. ეს არის ჰიბრიდის არქიტექტურაა, რომელიც ძალიან ჰგავს Nissan-ის ცნობილ e-Power სისტემას.
როგორ მუშაობს წყალბადის EREV არქიტექტურა?
ვინაიდან წყალბადის ძრავი მექანიკურად არ არის დაკავშირებული თვლებთან, მას შეუძლია იმუშაოს მუდმივ, ოპტიმალურ თერმულ რეჟიმში — მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ძლიერად აჭერს მძღოლი სატერფულს. აჩქარებასა და თვლებისათვის მაბრუნი მომენტის გადაცემას კი ელექტროძრავი უზრუნველყოფს.
ეს ინჟინრული გადაწყვეტა წყალბადის ძრავების მთავარ პრობლემას ჭრის. წყალბადი ენერგოეფექტურობითა და სიმძლავრით ბენზინს ჩამორჩება, რის გამოც ტრადიციული წყალბადის შიგაწვის ძრავები ხშირად სუსტი ჩანდა. თუმცა, როდესაც ძრავი მხოლოდ ელექტროენერგიის გენერატორია, მისი სიმძლავრის ჭერი კრიტიკული აღარ არის — ელექტროძრავი სრულად აკომპენსირებს ნაკლოვანებებს.

წყალბადის წვისას გამონაბოლქვის სახით ძირითადად წყლის ორთქლი გამოიყოფა. მაღალი ტემპერატურის გამო მცირე რაოდენობით აზოტის ოქსიდები მაინც წარმოიქმნება, თუმცა ნახშირბადის ემისიები პრაქტიკულად ნულამდე მცირდება.
სალონის დაპატენტებული განლაგება — პრობლემის მოგვარება
Toyota Mirai-ს ერთ-ერთი მთავარი ნაკლი წყალბადის ავზების განთავსება იყო, რაც საბარგულისა და სალონის სივრცეს ზღუდავდა. ახალ პატენტში Toyota-მ სრულიად ახალი სქემა წარადგინა: წყალბადის ავზები განთავსებულია ავტომობილის იატაკის ქვეშ, რაც ინტერიერსა და საბარგულს სრულად ათავისუფლებს. ასევე, ბატარეის ნაწილი განთავსებულია ცენტრალურ გვირაბში. ვინაიდან წყალბადის გენერატორს მოძრაობისას ბატარეის მუდმივი დამუხტვა შეუძლია, დიდი და მძიმე აკუმულატორის ჩადგმა საჭირო აღარ არის.

ეს პატენტი იდეალურად ჯდება Toyota-ს გლობალურ გეგმებში. მწარმოებელმა უკვე დაადასტურა EREV (გაფართოებული სვლის მარაგის მქონე ელექტრომობილების) მასშტაბური წარმოების დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ პირველი EREV მოდელები ბენზინის გენერატორებს გამოიყენებენ, ეს პატენტი ამტკიცებს, რომ Toyota უკვე ამზადებს პლატფორმას მომავალში ბენზინის წყალბადით ჩასანაცვლებლად.