როგორც იქნა, საუდის არაბეთმა პირველი ელექტრომობილების წარმოება დაიწყო
მრავალწლიანი დაპირებებისა და გამოცდების შემდეგ, საუდის არაბეთის ეროვნულმა ავტომწარმოებელმა ბრენდმა, Ceer-მა, ორი ელექტრომობილი წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილები უფრო კონცეპტუალურ მოდელებს წააგავს, ისინი სრულიად რეალურია და მეფე აბდულას ეკონომიკურ ზონაში (KAEC) მდებარე სპეციალურ ქარხანაში აწყობენ.

ახალ მოდელს Exobot-ი ეწოდა და ის სედანისა და SUV-ის ფორმით იქნება ხელმისაწვდომი. ბოლო წლებში ახლად შექმნილი კომპანიებისგან ბევრი ამბიციური პროექტი გვიხილავს, რომლებიც ხშირად სერიულ წარმოებამდე ვერ აღწევს. თუმცა, საუდის არაბეთს ნამდვილად აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი იმის უზრუნველსაყოფად, რომ Ceer-ის მოდელები გზებზე გამოჩნდეს.
როგორც სედანი, ისე SUV-ი, სერიული ავტომობილებისგან მკვეთრად დახრილი, თითქმის სრულიად ბრტყელი საქარე მინით გამოირჩევა, რომელიც შეუფერხებლად გადადის კაპოტში. Ceer-ის განცხადებით, Exobot-ს აქვს ყველაზე დიდი საქარე მინა, რაც კი ოდესმე სერიულ ავტომობილზე დაყენებულა — მისი სიგრძე 2.4 მეტრს შეადგენს. ორივე ვერსიას აქვს ვიწრო წინა მაშუქები და დღის განათება, ხოლო SUV-ს დამატებით უგზოობის სტილის აგრესიული ბამპერიც ამშვენებს.


Ceer-ის ახალი ელექტრომობილები საკმაოდ დიდია. სედანის სიგრძე 5.26 მეტრია, სიგანე 2.1 მეტრი, ხოლო სიმაღლე 1.43 მეტრი. SUV-ი ოდნავ მოკლეა (5.02 მეტრი), სიგანით იგივეა, ხოლო სიმაღლეში 1.69 მეტრს აღწევს. ორივე მოდელს აქვს ზევით ასაწევი კარები, რომელსაც Ceer-ი Shahin Wing Doors-ს უწოდებს, რაც შევარდენის ფრთების მოძრაობითაა შთაგონებული.
Ceer-ს Exobot-ი დამოუკიდებლად არ შეუქმნია. ბრენდი Foxconn-თან ერთობლივი საწარმოს სახით დაარსდა, ხოლო ელექტროგადამცემი სისტემები BMW-სგან აქვს აღებული. Exobot-ის ტოპ-ვერსია აღჭურვილია სამი ელექტროძრავით, რომლებიც ჯამურად 1111 ცხენის ძალასა და 1500 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებენ. ამის წყალობით, სედანს 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად სულ რაღაც 2.1 წამი სჭირდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია. SUV-ი ოდნავ ნელია — 100 კმ/სთ-ს 2.4 წამში ავითარებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ს შეადგენს.

თავდაპირველად Exobot-ი შეზღუდული რაოდენობით, First Edition ვერსიით გაიყიდება. ეს მოდელი 850 ცხენის ძალასა და 1000 ნიუტონს გამოიმუშავებს. დიდი ფართობის მინისა და საუდის არაბეთის მცხუნვარე კლიმატის გათვალისწინებით, არსებობდა რისკი, რომ სალონი სწრაფად გადახურებულიყო. Ceer-ი აცხადებს, რომ გამოსავალი სპეციალურ მინასა და მძლავრ კონდიცირების სისტემაშია, რომელსაც სალონის ტემპერატურის 65°C-იდან 32°C-მდე დაყვანა სულ რაღაც 10 წუთში შეუძლია.

ინტერიერში ყურადღებას იპყრობს მაჩვენებლების დაფის გასწვრივ განთავსებული 48-დუიმიანი გიგანტური ეკრანი, ცენტრალური 10.4-დუიმიანი საინფორმაციო-სასარგებლო სისტემა და უკანა მგზავრებისთვის განკუთვნილი 8-დუიმიანი დისპლეი. ავტომობილს აქვს ავიაციის სტილის საჭე, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხმოვანი ასისტენტი და დისტანციური განახლების მხარდაჭერა. კომპანია ასევე გვპირდება სრულად ავტონომიურ მართვის სისტემას, თუმცა ჯერ არ დაუკონკრეტებია, ვისი წარმოების ავტოპილოტის ტექნოლოგიას გამოიყენებს.