გინესის მსოფლიო რეკორდი, ელექტრომობილები, ფოლცვაგენი
Aa
Aa

VW ID. Buzz-მა 445 დღეში 92 ქვეყანა მოიარა და გზაში ერთხელაც არ გაფუჭებულა

ყველასთვის საყვარელი და ნოსტალგიური მოდელი, Volkswagen ID. Buzz-ი გინესის რეკორდსმენებს შორისაა. ელექტროვანმა 445 დღეში 92 ქვეყანა და ექვსი კონტინენტი მოიარა, თან ისე, რომ ამ მგზავრობის დროს ერთხელაც არ გაფუჭებულა.

ასევე დაგაინტერესებთ: მანქანა, რომელმაც 5 000 000 კმ დაფარა - 10 გიჟური რეკორდი

ID. Buzz-ი გზას გერმანიიდან, 2025 წლის პირველ ივლისს შეუდგა და უკანვე, 2026 წლის 14 სექტემბერს დაბრუნდა. მთლიანობაში ავტომობილმა 99 767 კილომეტრი გაიარა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოგზაურობის დასასრულს, ელექტროვანის ბატარეას თავდაპირველი სიმძლავრის 95.75% კვლავ შენარჩუნებული ჰქონდა.

რეკორდის დასამყარებლად ID. Buzz Pro ვერსია გამოიყენეს. ეს მოდელი 86 კვტ·სთ-იანი ბატარეის საშუალებით მუშაობს და WLTP-ის თანახმად, ერთი სრული დამუხტვით, 497 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი ელექტრომობილებს შორის დიდად კონკურენტუნარიანი არაა, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი სვლის მარაგის მქონე ელექტრომობილითაც, ხანგრძლივი მოგზაურობა შესაძლებელია.

თუმცა, რა საკვირველია, რომ ამ მოგზაურობის ყველა მონაკვეთი მარტივი არ ყოფილა. მაგალითად, ტანზანიასა და ზამბიაში საჯარო დასამუხტი სადგურები არაა, რის გამოც ID. Buzz-ის დასამუხტად ეროვნული ელექტროსადგურების ინფრასტრუქტურის გამოყენება გახდა საჭირო. ქვეყნებსა და კონტინენტებს შორის გადაადგილება კი, ID. Buzz-მა საკონტეინერო გემებითაც გამოცადა.

მთელი მოგზაურობის განმავლობაში ავტომობილის მძღოლს ID. Buzz-ის დასამუხტად 300-ზე მეტი გაჩერება დასჭირდა. მისივე შეფასებით, დასამუხტი სადგურების განვითარებისა და ელექტრომობილების გავრცელების მხრივ ჩინეთი „სულ სხვა დონეზეა“.

რაც შეეხება მიღწევას: ID. Buzz-მა გინესის მსოფლიო რეკორდი ელექტრომობილით ერთი უწყვეტი მოგზაურობის განმავლობაში ყველაზე მეტი ქვეყნის მონახულებისვის დაამყარა. როგორც გითხარით, ელექტროვანმა 445 დღეში 92 ქვეყანა და ექვსი კონტინენტი მოიარა.

მისი მარშრუტი კი განსაკუთრებით მრავალფეროვანი იყო და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილს მოიცავდა. მათ შორის ელექტროვანმა ზიმბაბვეში, ზამბიაში, ტანზანიასა და კენიაში იმოგზაურა, ასევე ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია, ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი, სამხრეთ ამერიკა და ჩრდილოეთ ამერიკაც მოიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები