Aa Aa
6 სექტემბერი 2023  |  13:15

Lada Niva-თი მძღოლი 5-სართულიანი შენობიდან გადმოხტა და გადარჩა

უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მძღოლი Niva-თი შენობიდან შენობაზე გადახტომას ცდილობდა. 

ინტერნეტსივრცე სახიფათო ნომრების ვიდეოებით სავსეა. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი კასკადიორული ილეთების წარმატებით შესრულების უკან ბევრი წარუმატებელი მცდელობა დგას, ხოლო უბედური შემთხვევის რისკი მუდმივად არსებობს. ზუსტად ეს შეემთხვა რუს კასკადიორს, ევგენი ჩებოტარევს, რომელმაც ახლახან Lada Niva-თი ერთი შენობიდან მეორე შენობაზე გადახტომა გადაწყვიტა. ეს ყველაფერი ცუდად დასრულდა. შემთხვევა საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა, მძღოლი ავტომობილიდან მინიმალური დაზიანებებით გადმოვიდა. 

Daily Mail-ზე გავრცელებული ვიდეო რამდენიმე კუთხიდან არის გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ თეთრი ლადა 5-სართულიან შენობებს შორის გადახტომას ცდილობს. აშკარა წინდაუხედაობის გამო, საბჭოთა მოდელი საკმარისად ვერ აჩქარდა და მეორე შენობის სახურავის კიდეს საქარე მინის დგარებით შეეჯახა. 

შემდეგ გრავიტაციამ თავისი საქმე გააკეთა და Lada მთელი მოწყვეტით მიწაზე დაენარცხა. გადამღები ჯგუფი იქამდე ვერ დამშვიდდა, სანამ მძღოლი მანქანიდან თავისი ფეხით არ გადმოძვრა. 

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ კასკადიორმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მან ფეხები დაიზიანა. ის ახლა საავადმყოფოში წევს. საინტერესო ისაა, რომ ინციდენტი საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამაჩაბლოში მოხდა.

გაზიარება: