ჰიუნდაი, სედანი, ჰიუნდაი ელანტრა, სპორტქარი, ჰიუნდაი ელანტრა ენი
Aa
Aa

Hyundai Elantra N Monochrome — „მოსაწყენი“ სპორტქარი „მორიდებული“ მძღოლებისთვის

Hyundai N მოდელები აგრესიული ვიზუალითა და სპორტული აღნაგობით არიან ცნობილი, თუმცა ზედმეტი ყურადღება ყველას არ ხიბლავს. იმ მყიდველებისთვის, რომლებსაც ელანტრა N-ის დინამიკასა და მართვადობასთან ერთად თავშეკავებული ვიზუალი სურთ, Hyundai-მ ახალი, მოკრძალებული იერის მქონე Monochrome ვერსია წარადგინა.

Hyundai Elantra N Monochrome — „მოსაწყენი“ სპორტქარი „მორიდებული“ მძღოლებისთვის — ფოტო 1
Hyundai Elantra N Monochrome — „მოსაწყენი“ სპორტქარი „მორიდებული“ მძღოლებისთვის — ფოტო 2
Hyundai Elantra N Monochrome — „მოსაწყენი“ სპორტქარი „მორიდებული“ მძღოლებისთვის — ფოტო 3

სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა კორეაში Elantra-ს ახალი თაობა უკვე გამოუშვა, თუმცა N ვერსია კვლავ წინა თაობის მოდელზეა დაფუძნებული. ეს ფაქტი Monochrome-ს თავისებურ გამოსამშვიდობებელ სპეციალურ ვერსიად აქცევს იქამდე, სანამ 2027 წელს ახალი Elantra N-ი გამოჩნდება. სპორტული სედანი უარს ამბობს N სერიისთვის დამახასიათებელ წითელ ზოლებსა და დეტალებზე აეროდინამიკურ პაკეტში და მათ ძარის ფერში შეღებილი ელემენტებით ცვლის. მანქანამ ასევე მიიღო ახალი ჭედური შავი მსუბუქი შენადნობის დისკები და მათთან შეხამებული შავი სამუხრუჭე სუპორტები.

ამ სპეციალური ვერსიის ფერთა პალიტრა მხოლოდ ორ არჩევანზეა შეზღუდული — Abyss Black Pearl შავი და Performance Blue საფირმო ცისფერი. Monochrome Edition-ის საბაზისო კომპლექტაციის გარდა, ხელმისაწვდომია ფლაგმანური, შედარებით მდიდრული ვერსიაც. ეს უკანასკნელი თავშეკავებულ ხასიათს სულ ოდნავ თმობს და ამატებს სრულიად ახალ კარბონის სპოილერსა და კარბონისავე სარკის კორპუსებს. Monochrome-ის ინტერიერში უხვადაა გამოყენებული ალკანტარაც — სავარძლებზე, კარების პანელებზე, საჭესა და ცენტრალურ იდაყვის დასასვენებელზე. ეს ყველაფერი შეხამებულია კონტრასტულ ღია ცისფერ ნაკერებთან მთელ სალონში და საჭეზე განთავსებულ შავ ღილაკებთან.

ტექნიკური მახასიათებლები უცვლელია — მოდელს სტანდარტულ Elantra N-თან შედარებით არანაირი ტექნიკური ან შასის გაუმჯობესება არ მიუღია. კაპოტის ქვეშ კვლავ 2.0-ლიტრიანი, ტურბინიანი 4-ცილინდრიანი ძრავია, რომელიც 286 ცხენის ძალასა და 392 ნიუტონს გამოიმუშავებს. სიმძლავრე წინა თვლებს 6-სიჩქარიანი მექანიკური ან 8-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის ავტომატური გადაცემათა კოლოფით მიეწოდება. 

„ეს ახალი მოდელი Hyundai N-ის ავტოსპორტის ისტორიისა და მაღალი დინამიკის კულტურის არსს ასახავს, თუმცა შედარებით თავშეკავებულ შეფუთვაში. ჩვენ მოვუსმინეთ მომხმარებლების სურვილებს უფრო მშვიდი ვიზუალის მქონე სპორტულ მოდელზე, შევამცირეთ ვიზუალური აქცენტები და ყურადღება გავამახვილეთ ფორმასა და მასალებზე, რათა შეგვექმნა Elantra N-ის მონოქრომული ვერსია, რომელიც არის თავშეკავებული, თუმცა უდავოდ ნამდვილი N-ი“, — განაცხადა Hyundai N Management Group-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები