Toyota RAV4 კონკურენტების წინააღმდეგ — რომელი უნდა იყიდოთ?
Toyota RAV4 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპაქტური SUV-ია, მაგრამ როგორ უმკლავდება ის კონკურენტებს და რას იღებთ რეალურად გადახდილი ფულის სანაცვლოდ? ჩვენი გამოცდილებით, RAV4 აწყობის მაღალ ხარისხსა და კარგად აღჭურვილ ინტერიერს გთავაზობთ, რაც შესანიშნავ პაკეტს ქმნის როგორც ფასისა და ხარისხის თანაფარდობის, ისე გამძლეობის თვალსაზრისით. ეს სახელი დრომაც საკმარისად გამოცადა — ამჟამად უკვე მეექვსე თაობაში წარმოდგენილი RAV4 ბაზარზე 1994 წლიდან ოპერირებს.
ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა
წელს ბაზარზე მოდელის მეექვსე თაობა, XA60 გამოვიდა. ამჯერად, მას დაპირისპირება ღირსეულ კონკურენტებთან: Honda CR-V-სთან, Mazda CX-50-თან, Hyundai Tucson-თან, Kia Sportage-თან და Subaru Forester-თან უწევს — ყველა მათგანი ჰიბრიდულ ვერსიებში.
ამ მომენტში RAV4-ის საბაზისო LE ვერსიის საწყისი ფასი $31 900-ია. იერარქიაში უფრო მაღლა გვხვდება SE ($34 700), XLE Premium ($36 100) და Woodland ($39 900) ვერსიები. ახალი საფასო კატეგორია იწყება XSE ვერსიიდან, რომლის საწყისი ფასი $41 300-ია, ხოლო ტოპ-ვერსია Limited, სულ მცირე, $43 300 დაგიჯდებათ. მომხმარებელს აქვს არჩევანი წინა ან სრულ ამძრაობას, ასევე სტანდარტულ ჰიბრიდსა და დამუხტვად ჰიბრიდულ აგრეგატებს შორის.
თუ ახალი RAV4-ის შეძენას გეგმავთ, შესაძლოა უკვე იცოდეთ, რომ XA60 XA50-ის მსგავს პლატფორმას ეყრდნობა. ის ზომებითაც პრაქტიკულად იგივეა, რაც აადვილებს მის მართვასა და პარკირებას მჭიდრო ურბანულ გარემოში. კაპოტის ქვეშ მხოლოდ ჰიბრიდული აგრეგატებია — წმინდა ბენზინის ვერსიები აღარ არსებობს... სტანდარტული წინაამძრავიანი ჰიბრიდი 2.5-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავითა და ორი ელექტროძრავით ჯამურად 226 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, სრულამძრავიანი ჰიბრიდში სიმძლავრე 236 ცხენის ძალამდე იზრდება, ხოლო დამუხტვადი ჰიბრიდი მხოლოდ სრულამძრავიანია და მთელ 320 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
2026 Toyota RAV4 vs. 2026 Honda CR-V Hybrid
პირდაპირ გადავიდეთ RAV4-ის ყველაზე ხანგრძლივ და მრისხანე კონკურენტზე — Honda CR-V Hybrid-ზე. CR-V Hybrid-ის საბაზო ვერსია უფრო ძვირია და $36 030-დან იწყება, თუმცა ტოპ-ვერსია Sport Touring-ის ფასი $42 950-ზე ჩერდება.
Honda უშვებს TrailSport ვერსიას, რომელიც RAV4 Woodland-ის ანალოგია ყველა საფარზე მორგებული საბურავებით. თუმცა, CR-V Hybrid-ი მომხმარებელს მხოლოდ 204 ცხენის ძალასა და 100 კმ/სთ-მდე 7 წამზე ხანგრძლივ აჩქარებას სთავაზობს — RAV4 PHEV მას შუქნიშანზე აშკარად მარტივად ჩამოიტოვებს.
CR-V Hybrid-ის ინტერიერი უფრო დახვეწილად გამოიყურება და რეტრო დიზაინის ელემენტებიც აქვს. თუმცა, საბაზო კომპლექტაციებში მას 7-დუიმიანი, ხოლო მაღალში — 10.2-დუიმიანი ციფრული ხელსაწყოთა დაფა აქვს. RAV4 კი 12.3-დუიმიან ციფრულ დაფას გთავაზობთ. იგივე ეხება ცენტრალურ ეკრანებსაც — RAV4-ის 10.5/12.9-დუიმიანი ეკრანები სჯობნის CR-V-ის 9-დუიმიან დეტალს. თუმცა CR-V Hybrid-ს ტელეფონის უსადენო დამმუხტველი სტანდარტულ კომპლექტაციაში მოჰყვება, მაშინ როცა RAV4-ში ის მხოლოდ მდიდრულ ვერსიებშია. CR-V-ს უპირატესობა აქვს სალონის ტევადობაშიც...
უსაფრთხოების მხრივ RAV4 აღჭურვილია Toyota Safety Sense 4.0-ით, რასაც CR-V Honda Sensing სისტემით პასუხობს — ეს უკანასკნელი RAV4-ს ფუნქციების მრავალფეროვნებით სულ ოდნავ ჩამორჩება.
2026 RAV4 Hybrid vs. 2026 Mazda CX-50 Hybrid
სტანდარტული სრული ამძრაობით 2026 წლის Mazda CX-50 Hybrid ნამდვილად შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც დამატებითი მოჭიდება და Mazda-ს საფირმო მართვადობა სჭირდება. მას ასევე მიმზიდველი ფასი აქვს — $34 750-დან $40 450-მდე Premium ვერსიისთვის.
ინტერიერში Premium ვერსიას მოჰყვება წითელი ტყავის სალონი, კონტრასტული ნაკერები და Bose-ის აუდიოსისტემა. კაპოტის ქვეშ არის აგრეგატი, რომელიც პრაქტიკულად Toyota RAV4-ის იდენტურია და 219 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სტანდარტული AWD-ით მას 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის 7.6 წამი სჭირდება, რაც RAV4 Hybrid-ის 7.2 წამზე სულ ოდნავ ნელია.
საბარგულის მოცულობით RAV4 იმარჯვებს. ასე რომ, თუ თქვენი ოჯახი ბევრი ბარგით მგზავრობს, Mazda თქვენთვის არ არის. რაც შეეხება უსაფრთხოებას, Mazda ამ მიმართულებით ყოველთვის შესანიშნავი იყო და Toyota-ს სისტემებს ტოლს არ დაუდებს.
2026 RAV4 Hybrid vs. 2026 Hyundai Tucson Hybrid
RAV4-ის კიდევ ერთი უძველესი კონკურენტი Hyundai Tucson-ია, რომელმაც ბოლო წლებში უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა. Tucson Hybrid-ის ფასები $31 300-დან იწყება და $48 900-მდე აღწევს.
Hyundai Tucson Hybrid-ს სტანდარტულ (231 ცხენის ძალა) ან PHEV (268 ცხენის ძალა) ვერსიებში გვთავაზობს. თუმცა, Toyota-ს CVT ვარიატორისგან განსხვავებით, კორეული ავტომწარმოებელი 6-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს იყენებს, რაც ენთუზიასტებს ძალიან მოეწონებათ. თუმცა, Tucson PHEV-ის 0-100 აჩქარება 7.1 წამია (RAV4 PHEV-ის 5.2 წამის წინააღმდეგ), ხოლო ელექტრო სვლის მარაგი 51 კმ-ია (RAV4-ის 80 კმ-ის წინააღმდეგ).
მიუხედავად ამისა, Tucson Hybrid-ის სალონი ბევრად უფრო ნათელი, ტევადი და სასიამოვნო ადგილია. მაღალ კომპლექტაციებში გვაქვს წყვილი 12.3-დუიმიანი ეკრანი, ფიზიკური ღილაკების კარგი ბალანსი, Bose-ის აუდიოსისტემა და Digital Key ფუნქცია (ტელეფონის გასაღებად გამოყენება).
2026 RAV4 Hybrid vs. 2026 Subaru Forester Hybrid
Subaru თავისი ოპოზიტური ძრავებითა და სტანდარტული სრული ამძრაობით კვლავ საინტერესო ალტერნატივაა. ფასები $34 730-დან $41 545-მდე მერყეობს. 2.5-ლიტრიანი ოპოზიტური ძრავისა და ელექტროძრავის ტანდემი 194 ცხენის ძალას იძლევა, თუმცა 0-100 აჩქარებას მთელ 8.6 წამს ანდომებს.
ინტერიერში Forester-ი ნამდვილად უფრო საინტერესოდ გამოიყურება, განსაკუთრებით თავისი 11.6-დუიმიანი ვერტიკალური სენსორული ეკრანითა და 12.3-დუიმიანი ციფრული ინსტრუმენტების დაფით. მაღალ ვერსიებში ხელმისაწვდომია სავარძლების ვენტილაცია და Harman/Kardon-ის 11-დინამიკიანი აუდიოსისტემა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სალონი ტევადია, საბარგულის მოცულობა საკმაოდ მცირეა, რაც Forester-ს ნაკლებად პრაქტიკულს ხდის დიდი ბარგისთვის. გარდა ამისა, Forester Hybrid-ს არ გააჩნია სპეციალური უგზოობის ან სპორტული კომპლექტაციები, განსხვავებით RAV4-ის მრავალფეროვანი საწარმოო ხაზისგან.
დანარჩენი კი თავად გადაწყვიტეთ...
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს