ილონ მასკი, ელექტრომობილი, ტესლა, ტესლა როუდსტერი, სემ ალტმანი
Aa
Aa

სემ ალტმანი Tesla Roadster-ით კვლავ დაინტერესებულია | OpenAI-ს ხელმძღვანელი მანამდე დეპოზიტის დაბრუნებას ითხოვდა

ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი, Tesla-ს ახალი Roadster-ით აღფრთოვანებას არ მალავს. ეს კი მას შემდეგ, რაც მილიარდერმა ბიზნესმენმა 7-წლიანი ლოდინის შემდეგ Tesla-ს სუპერქარის შეძენაზე უარი თქვა და დეპოზიტის უკან დაბრუნებაც მოითხოვა.

ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

2025 წლის ოქტომბერში ალტმანმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება Tesla-ს მიმართ და სოციალურ ქსელ X-ზე ელექტრომობილის ჯავშნის გაუქმების სურვილი გააჟღერა. თუმცა OpenAI-ს ხელმძღვანელმა იმავე პოსტში დასძინა, რომ დეპოზიტის უკან დაბრუნების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. თუმცა ახლა, მას შემდეგ, რაც Tesla-ს ხელმძღვანელმა განახლებული Roadster-ი წარადგინა, ორ მილიარდერს შორის დაწყებული საუბარიც გაგრძელდა. თუმცა რეალურად, Roadster-ის მიღმაც ამ ორს ბევრი აქვთ გასაყოფი და მათ შორის, მასკი ალტმანს OpenAI-ში ინვესტიციისას შეცდომაში შეყვანაშიც ადანაშაულებს.

სემ ალტმანი Tesla Roadster-ს შვიდ წელზე მეტხანს ელოდა

ალტმანმა Tesla-ს მეორე თაობის Roadster-ი ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში შეუკვეთა. ინტერესი კი 2017 წელს გაჩნდა, მაშინ, როდესაც პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა ახალი ელექტრო სუპერქარი წარადგინა და მისი შესაძლებლობებიც დააანონსა.

თუმცა ავტომობილის წარმოების დაწყება წარსულში რამდენჯერმე გადაიდო, რის გამოც მყიდველებს რამდენიმე წელი მოუწიათ ლოდინი. სემ ალტმანიც ლოდინით დაიღალა და Tesla-ს დეპოზიტის დაბრუნება მოსთხოვა.

„მანქანით მართლაც რომ აღფრთოვანებული ვიყავი. შეფერხებებიც მესმის... თუმცა 7.5 წელი ლოდინისთვის ძალიან დიდი დროა“, — მიმართა მან პლატფორმა X-ის საშუალებით Roadster-ის სხვა პოტენციურ მფლობელებს.

2025 წლის ოქტომბერში ალტმანმა ე.წ. „სქრინშოთებიც“ გამოაქვეყნა სახელწოდებით — „ზღაპარი სამ მოქმედებად“: 2018 წლის ზაფხული — $45 000-იანი დეპოზიტის შესახებ კომპანიისგან დასტურის მიღება; ელ.წერილი, რომელიც ალტმანმა თანხის დაბრუნების მოთხოვნით Tesla-ს გაუგზავნა; ავტომატური შეტყობინება, რომ წერილი ადრესატამდე ვერ მივიდა, რადგან „ელფოსტის მისამართი არ არსებობს“.

მასკმა ალტმანის პოსტს OpenAI-სთან დაკავშირებული ირონიული კომენტარით უპასუხა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ პრობლემა მოგვარდა და ალტმანმა თანხა 24 საათის განმავლობაში დაიბრუნა.

ასევე დაგაინტერესებთ: 0-100 აჩქარება 1 წამში, მფრინავი რეჟიმი... — Tesla-მ Roadster-ის პრეზენტაცია გამართა

2026 წლის 15 ოქტომბერს კი, რიგი გადავადებების შემდეგ, Tesla-მ თავისი ელექტრო სუპერქარის, Roadster-ის, განახლებული ვერსია წარადგინა. დემონსტრაციისას Roadster-ი სპეციალურად მოწყობილ ტრასაზე გადაადგილდებოდა და, როგორც მასკი დაგვპირდა, „იფრინა“ კიდეც. მილიარდერის განცხადებით, ელექტრომობილი 100 კმ/სთ-ს წარმოუდგენელ, ერთ წამზე ნაკლებ დროში აღწევს.

Tesla-ს განმარტებით, წარმოების დაწყება 2028 წლისთვისაა დაგეგმილი. შესაბამისად, გზებზე Roadster-ის გამოჩენამდე კიდევ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი.

პრეზენტაციამ კი, როგორც ჩანს, ალტმანის ყურადღებაც მიიპყრო. 16 ოქტომბერს მან X-ზე მასკს მიმართა: „ვაუ, ახალი Roadster-ი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება. კარგი ნამუშევარია, @elonmusk“.

ამ პოსტის კომენტარებში კი ერთ-ერთმა მომხმარებელმა ალტმანს ჰკითხა, ნამდვილად გააუქმა თუ არა მან Roadster-ის ჯავშანი. მასკმა კი არა ალტმანს, არამედ ამ კითხვის ავტორს უპასუხა, თანაც ერთი სიტყვით: „Indeed“ (სწორედ ასეა). ალტმანისა და მასკის ურთიერთობას თუ გავითვალისწინებთ, რთული სათქმელია, ეს პასუხი უბრალოდ ირონია იყო თუ რაიმეს დასტური.

თუმცა დასავლური გამოცემები არც იმას გამორიცხავენ, რომ ალტმანს Roadster-ის ჯავშნის გაუქმება გადაეფიქრებინა და, შესაძლოა, კვლავ ახალი ელექტრო სუპერქარის მოლოდინშია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სემ ალტმანი Roadster-ის ლოდინით დაიღალა და Tesla-ს დეპოზიტის დაბრუნება მოთხოვა | რა უპასუხა მას მასკმა?
    სემ ალტმანი Roadster-ის ლოდინით დაიღალა და Tesla-ს დეპოზიტის დაბრუნება მოთხოვა | რა უპასუხა მას მასკმა?