ინციდენტი, ელექტრომობილები, მერსედესი, პარიზის ავტოშოუ, მინივენი, მერსედეს ვი ელ ი
Aa
Aa

პარიზის ავტოშოუზე ბავშვმა Mercedes-ის მდიდრული პროტოტიპი დალეწა

ახალი ელექტრო მინვენი VLE-ი Mercedes-ის ერთ-ერთი ყველაზე „საოჯახო“ ავტომობილია, თუმცა პარიზის ავტოშოუზე ერთ-ერთმა ბავშვმა ეს მახასიათებელი მეტისმეტად პირდაპირ გაიგო. გერმანული ავტოგიგანტის საგამოფენო სტენდთან გაჩერებულ ელექტრო მინვენში ორი ბავშვი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა მოახერხა ელექტროძრავის ჩართვა და უკუსვლის გააქტიურება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოკლე ვიდეოკლიპში ჩანს, როგორ ცდილობს კომპანიის პროდუქტის სპეციალისტი ავტომობილის შეჩერებას, თუმცა ამაოდ — მანქანა კედელს ეჯახება. ყოველ შემთხვევაში, საბედნიეროდ, ამ ბავშვებს Bugatti Chiron-ი არ დაუმტვრევიათ. ინციდენტი შაბათს, Paris Expo Porte de Versailles-ის გამოფენის ბოლოსწინა დღეს მოხდა. ბრინჯაოსფერი VLE ეყენა ბანერის წინ, რომელზეც ფრანგული სლოგანი: "Redefinir L'Espace" ეწერა — რაც ითარგმნება, როგორც „სივრცის ხელახლა განსაზღვრა“. და ამ ფიასკოს ცენტრში აღმოჩენილმა მოზარდმა ნამდვილად ხელახლა განსაზღვრა ის სივრცე, რომელიც მინვენს სტენდზე ეჭირა.

მას შემდეგ, რაც VLE ბანერს შეეჯახა, კედელზე აშკარა დაზიანება დარჩა, ხოლო Mercedes-ის თანამშრომელმა უიმედობისგან ხელები თავზე შემოირტყა. ბიჭუნები, რომლებიც გარეგნულად 12 წელზე უფროსები არ ჩანან, მანქანიდან შეშინებულები გადმოვიდნენ, რის შემდეგაც მათ უსაფრთხოების თანამშრომელი მიუახლოვდა. უცნობია, რა ბედი ეწიათ მათ მოგვიანებით, ან რა ოდენობის ზიანი მიადგა უშუალოდ VLE-ს.

ასევე იხილეთ: 7 ინოვაცია, რომელიც Mercedes-მა ავტოსამყაროს აჩუქა

რაც შეეხება თავად პროტოტიპს — Mercedes-ი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს VLE-ს ფუფუნებაზე, რომელიც აშშ-ის ბაზარზე მომავალ წელს, 2028 წლის მოდელის სახით გამოვა. ავტომობილი ხელმისაწვდომია სრული სიგანის MBUX Superscreen ციფრული ხელსაწყოთა დაფითა და გიგანტური, 31.3-დუიმიანი პანორამული ეკრანით, რომელიც ჭერიდან ჩამოდის. საბაზისო VLE 300 აღჭურვილია ერთი ელექტროძრავით, რომელიც 272 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 115 კვტ/სთ ტევადობის ბატარეით, რომელიც მას ერთი დამუხტვით 700 კილომეტრს გაატარებს. მის უფროს ძმას — VLE 400 4Matic-ს აქვს ორმაგი ელექტროძრავი 409 ცხენის ძალით, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 9.5 წამის ნაცვლად სულ რაღაც 6.5 წამში ახერხებს. Mercedes-მა VLE ჯერჯერობით მხოლოდ ელექტრო ვერსიით წარადგინა, თუმცა ევროპაში პაპარაცებმა მისი ჰიბრიდული ვერსიის გამოცდაც დააფიქსირეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები