„ახალი გზა გადაადგილების დროსა და ხარჯებს შეამცირებს“ | როდის სრულდება წიწამური-ავჭალის გზა?
წიწამური–ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd.-თან გაფორმდა. ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ და China Railway Tunnel Group Co., Ltd.-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლიანგ ჰონგჯუნმა მოაწერეს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე 4-ზოლიანი საავტომობილო გზა აშენდება, რომლის მთავარი საინჟინრო კომპონენტი 3.4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბია. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხიდების, სატრანსპორტო კვანძებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას“.

დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტის მთავარი მიზანია სატრანზიტო მოძრაობის ნაწილის დედაქალაქის გვერდის ავლით გატარება და თბილისის სატრანსპორტო ქსელის განტვირთვა.
ახალი გზა ხელს შეუწყობს სატრანზიტო გადაზიდვების ეფექტიანობას, შეამცირებს გადაადგილების დროსა და ხარჯებს და გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ამასთან, დედაქალაქის ცენტრალური და სხვა დატვირთული საგზაო მონაკვეთებიდან სატრანზიტო მოძრაობის ნაწილის გადატანა ქალაქში გადაადგილების პირობების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.
ცნობისთვის, თბილისის შემოვლითი გზა ნატახტრის/წიწამურის მიმართულებიდან რუსთავამდე დაახლოებით 49 კილომეტრზეა დაგეგმილი. პროექტი რამდენიმე სამშენებლო მონაკვეთს მოიცავს. წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ხოლო მე-3, მე-4 და მე-5 ლოტების მშენებლობისთვის სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერებასა და დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განტვირთვას ემსახურება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს