მასლქარი, ფორდი, ფორდ მუსტანგი, ტუნინგი, მუსტანგი
Aa
Aa

Vintage Modern-ის ტუნერებმა მე-7 თაობის Mustang-ი Eleanor-ს დაამსგავსეს

თანამედროვე მასლქარები წინამორბედებზე ბევრად სწრაფები, ტექნოლოგიურად განვითარებულები და უკეთ სამართავები არიან, თუმცა ბევრ ავტომოყვარულს მაინც ძველი ეპოქის ვიზუალური ესთეტიკა ენატრება. სწორედ ასეთი მომხმარებლებისთვის კომპანია Vintage Modern-მა შექმნა უნიკალური პროექტი — Vintage Fastback-ი, რომელიც მეშვიდე თაობის Ford Mustang (S650)-ის პლატფორმას 1967 წლის ლეგენდარული „ელეონორის“ სტილის კარბონის ძარასთან აერთიანებს.

ასევე იხილეთ: 8 პოპულარული მანქანა, რომლის ყიდვაც გაგიჭირდება

ქაღალდზე პროექტი შთამბეჭდავად გამოიყურება: კლასიკური რესტავრაციის ნაცვლად, ავტომობილი სრულიად ახალი Mustang-ის შასისა და უსაფრთხოების სტანდარტებზეა აგებული, რაც მას ყოველდღიური ექსპლუატაციისთვის ბევრად პრაქტიკულს ხდის. მყიდველებს ძალოვანი აგრეგატის ორი ვარიანტის არჩევა შეუძლიათ — სტანდარტული 5.0-ლიტრიანი ატმოსფერული Coyote V8, რომელიც 486 ცხენის ძალასა და 567 ნიუტონს გამოიმუშავებს, ან 3.0-ლიტრიანი Whipple-ის მექანიკური კომპრესორით აღჭურვილი აგრეგატი, რომლის სიმძლავრე 840–850 ცხენის ძალამდე, ხოლო მაბრუნი მომენტი 834 ნიუტონამდე იზრდება.

Vintage Modern-ის ტუნერებმა მე-7 თაობის Mustang-ი Eleanor-ს დაამსგავსეს — ფოტო 1
Vintage Modern-ის ტუნერებმა მე-7 თაობის Mustang-ი Eleanor-ს დაამსგავსეს — ფოტო 2
Vintage Modern-ის ტუნერებმა მე-7 თაობის Mustang-ი Eleanor-ს დაამსგავსეს — ფოტო 3

სიმძლავრის რეალიზაციაზე 6-სიჩქარიანი მექანიკური ან 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ზრუნავს. დინამიკასა და მართვადობას კი MagneRide-ის დაკიდების სისტემა, Brembo-ს მძლავრი მუხრუჭები და 4-რეჟიმიანი აქტიური გამოსაბოლქვი სისტემა უზრუნველყოფს.

კარბონის ძარა, უსაფრთხოება და პროპორციების დილემა

მიუხედავად მაღალი ტექნოლოგიური დონისა, კლასიკური სილუეტის თანამედროვე პლატფორმაზე მორგება გარკვეულ ვიზუალურ კომპრომისებს მოითხოვს. ავტომობილი ყველაზე ეფექტურად წინა რაკურსიდან გამოიყურება, სადაც ალუმინის დეტალები და წინ წამოწეული კაპოტი იქცევს ყურადღებას. თუმცა, გვერდითა პროფილიდან თვალშისაცემია S650-ისთვის დამახასიათებელი მომრგვალებული სახურავის ხაზი და უკანა ბორბლებს მიღმა ზედმეტად დაგრძელებული ფრთები, რაც 1967 წლის ორიგინალის პროპორციებს გარკვეულწილად არღვევს.

Vintage Modern-ის ტუნერებმა მე-7 თაობის Mustang-ი Eleanor-ს დაამსგავსეს — ფოტო 1
Vintage Modern-ის ტუნერებმა მე-7 თაობის Mustang-ი Eleanor-ს დაამსგავსეს — ფოტო 2
Vintage Modern-ის ტუნერებმა მე-7 თაობის Mustang-ი Eleanor-ს დაამსგავსეს — ფოტო 3

თუმცა, Vintage Modern-ის ინჟინრების შრომა მაინც დასაფასებელია — კარბონის ხელნაკეთი პანელების დამზადებას, სალონის ვინტაჟურ სტილში სრულ გადაკეთებასა და აწყობას თითოეულ ეგზემპლარზე 900 საათზე მეტი სჭირდება. პარალელურად, კომპანია ატარებს სრულფასოვან უსაფრთხოების ტესტებს, რათა ავტომობილი თანამედროვე ფედერალურ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. ექსტერიერზე სრულად გამქრალია Ford-ის ემბლემები და ისინი Vintage Modern-ის სიმბოლიკითაა ჩანაცვლებული.

საბოლოო ჯამში, Vintage Fastback მათთვისაა შექმნილი, ვისაც კლასიკური მასლქარის ვიზუალური ეფექტი სურს, მაგრამ 1960-იანი წლების ტექნიკისთვის დამახასიათებელ კომპრომისებზე წასვლა არ უნდა — ერთგვარი ოქროს შუალედი ორ სხვადასხვა საავტომობილო ეპოქას შორის.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები