1975 წლის Saab 99 სამი ათწლეულის შემდეგ კვლავ აამუშავეს
1975 წლის Saab 99, რომელიც 31 წლის განმავლობაში შვედეთში, ერთ ბეღელში იყო გაჩერებული, კვლავ გზებს დაუბრუნდა. ავტომობილი 1995 წელს სათადარიგო ნაწილების დონორად გადაინახეს, თუმცა საბოლოოდ მაინც უცვლელ მდგომარეობაში გადარჩა. მისი ძრავა კი სამ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ პირველად დაიქოქა.
ავტომობილის გარბენი ამ ეტაპისთვის დაახლოებით 130 000 კილომეტრია. გავრცელებული ინფორმაციით, ექსპლუატაციის პერიოდშიც კი, ზამთარში მარილით დამუშავებულ გზებზე ის თითქმის არ გამოჰყავდათ, რამაც ძარის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებასაც ხელი შეუწყო. შედეგად, რესტავრირებაზე მომუშავე გუნდმა Saab-ის აღდგენა შეძლო, ამის ამსახველი ვიდეომასალა კი სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელა.

Saab 99-ის დიზაინი შვედმა დიზაინერმა სიქსტენ სასონმა 1960-იანი წლების ბოლოს შეიმუშავა. 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან მოდელი 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავით გამოდიოდა. ეს კონკრეტული მოდელი კი, რომელიც ბეღელში აღმოაჩინეს, X7-ის აღნიშვნითაა და ქარხნულ კარბურატორს ინარჩუნებს.
აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელის, ჰამპუს გრანსტრომის განცხადებით, სამ ათწლეულზე მეტხანს უძრავად დგომის მიუხედავად, ავტომობილი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა. Saab 99-ის კონსტრუქცია, რომელმაც მოდელს რალის შეჯიბრებებში წარმატებებიც მოუტანა, ბეღელიდან მანქანის გამოტანის შემდეგაც მყარ და გამართულ მდგომარეობაში იყო.

მოდელის სპორტული ვერსია, Saab 99 EMS, 1972 წელს გამოჩნდა. ორკარიანი ავტომობილი 2-ლიტრიან ძრავსა და Bosch-ის ელექტრონული საწვავის შეფრქვევის სისტემას იყენებდა. ხოლო უკვე 1975 წლიდან Saab 99-ში Bosch K-Jetronic-ის სისტემაც გამოჩნდა.
ამ მოდელის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი 1978 წელს დაიწყო, როდესაც ბაზარზე Saab 99 Turbo შემოაგორეს. ამ მოდელის 2-ლიტრიანი ტურბოძრავა 145 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 1979 წელს კი სტიგ ბლომკვისტმა სწორედ 99 Turbo-თი მოიგო შვედეთის რალი.

ცნობისთვის, ეს ბეღელში აღმოჩენილი მოდელი ტურბოვერსიაზე ძველია, თუმცა იმავე კონსტრუქციულ საფუძველს იყენებს.
ავტომობილის ხელახლა დასაქოქად სპეციალისტებს ძრავის შიდა ნაწილების გაწმენდა, საწვავის ავზის შეკეთება და კარბურატორის აღდგენა დასჭირდათ. ასევე, სამუხრუჭე დისკებს დაახლოებით 2 მილიმეტრი მოაცილეს, რათა ახალი ხუნდები ძველ დეტალებს ზუსტად მორგებოდა.
შემდეგ ეტაპზე უკვე ძარისა და საღებავის აღდგენა დაიწყეს. ავტომობილი კი 1995 წლის შემდეგ პირველად გარეცხეს და 2-საფეხურიანი პოლირებაც ჩაუტარეს. ამ მეთოდით კი სპეციალისტებმა ქარხნული საღებავი ისე აღადგინეს, რომ მისი სრულად მოცილება ან ავტომობილის ხელახალი გადაღებვა აღარ დასჭირვებიათ. Saab 99 თავის დროზეც ხარისხიანი უსაფრთხოების კონსტრუქციებით გამოირჩეოდა, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ ავტომობილის ძარამ წლების შემდეგ ფორმა შეინარჩუნა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს