Aa
Aa

პოლიციის დევნისას პიკაპი გადაბრუნდა და გზა ისევ განაგრძო

პიკაპმა საოცარი გამძლეობა გამოავლინა!

თუ იმის შეხსენება გჭირდებათ, რომ კანონს ვერ გაექცევით, ეს ვიდეო კარგი მაგალითია. რამდენიმე დღის წინ ოკლაჰომაში პოლიცია პიკაპს მისდევდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, თუმცა რაც დევნისას მოხდა, ჰოლივუდის ნებისმიერ ბლოკბასტერს შეშურდებოდა.

დევნა მაშინ დაიწყო, როცა ოკლაჰომა-სითისთან ახლოს Chevrolet Silverado-ს მძღოლმა პოლიციის ბრძანებაზე მანქანა არ გააჩერა. პოლიცია ამ ტერიტორიას ნარკოტიკებით ვაჭრობის ხშირი შემთხვევების გამო ამოწმებდა. მას შემდეგ, რაც მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია, პოლიციამ მას გაჩერება მოსთხოვა.

მძღოლი 43 წლის ფლოიდ გრასია. მან მანქანა არ გააჩერა და საპირისპირო ზოლებში გადავიდა, შემდეგ კი ბარიერს დაეჯახა და ამოტრიალდა. თუმცა დევნა ამით არ დასრულებულა.

პიკაპი ისევ ბორბლებზე დაეცა! გრასმა კი გზა გააგრძელა. მგზავრი, რომლის ვინაობაც ჯერ უცნობია, თავს ისე კომფორტულად ვერ გრძნობდა, როგორც მძღოლი — ძირითადი დაზიანება სწორედ მგზავრის მხარეს მიადგა. როგორც ჩანს, გადაბრუნების შემდეგ მანქანას სხვა პრობლემებიც შეექმნა და სიჩქარე შემცირდა.

ავარიის შემდეგ ავტომობილი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ დევნა დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა. ფაქტობრივად, დევნის დაწყებიდან მხოლოდ ხუთი წუთი იყო გასული, როცა მძღოლი ხელებაწეული გადმოვიდა მანქანიდან. მგზავრს დაზიანების გამო თავისი მხრიდან გადმოსვლა გაუჭირდა და ისიც მძღოლის კარიდან გადავიდა. ჯერჯერობით უცნობია, რატომ გარბოდა მძღოლი, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: ეს ამ პიკაპის ბოლო გასეირნება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები