Aa Aa
10 სექტემბერი 2024  |  16:13

Ram-ი 1.2 მილიონი პიკაპის უკან გაწვევას გეგმავს

ახლახან, Fiat Chrysler Automobiles-მა (FCA) ავტომობილების უკან გაწვევის კიდევ ერთი მასშტაბური სერია დააანონსა. ახალი ეტაპის ფარგლებში FCA უკან Ram 1 500-ის 1.2 მილიონი პიკაპის გაწვევას გეგმავს, მიზეზად კი პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზს ასახელებს. ამ პრობლემამ შესაძლოა სტაბილურობის სისტემის კონტროლის უნებლიე დეაქტივაცია გამოიწვიოს. 

სისტემის დეაქტივაცია ფედერალურ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის. უკან გაწვევის დაანონსების მიუხედავად, კომპანიას ინფორმაცია უკვე არსებულ პრეცედენტებზე არ მოუწოდებია. შესაბამისად არ არსებობს ინფორმაცია სისტემის გაუმართაობის გამო გამოწვეული უბედური შემთხვევებისა ან მგზავრთა დაზიანების შემთხვევებზე. 

FCA-ის გადაწყვეტილება ამჟამად Ram-ის 2019 წლისა და 2021-2024 წლების მოდელებს შეეხება.  პრობლემა პროგრამული ხარვეზია, რომელიც დაკავშირებულია დაბლოკვის საწინააღმდეგო დამუხრუჭების სისტემასთან. ოფიციალურ დოკუმენტებში დეფექტი აღწერილია, როგორც „საკონტროლო მოდულის პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობა“, რომელიც დაკავშირებულია ABS-თან. 

პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობამ შეიძლება სტაბილურობის კონტროლის მოულოდნელი გამორთვა გამოიწვიოს. ეს სისტემა კი გადამწყვეტია ავტომობილისთვის, განსაკუთრებით მოლიპულ ზედაპირზე გადაადგილებისა და საგანგებო მანევრის შესრულების დროს, კონტროლის შესანარჩუნებლად. არსებული ინფორმაციით, მფლობელები ავტომობილების უკან გაწვევის შესახებ შეტყობინებას, სავარაუდოდ, 12 სექტემბრიდან მიიღებენ. 

მითუმეტეს, დიდი ზომის პიკაპებზე, სტაბილურობის კონტროლის დაკარგვამ, შესაძლოა უბედური შემთხვევა და მძღოლთა და მგზავრთა დაზიანება გამოიწვიოს. თუმცა FCA-ს ინფორმაციითვე, ეს პრობლემა საკმაოდ მარტივად გამოსწორდება. Ram-ის სადილეროში მიყვანის შემდეგ, დეფექტის მქონე ავტომობილებისთვის სისტემის განახლება და ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება მოხდება, რაც თეორიულად სისტემის დეაქტივაციის რისკსაც აღმოფხვრის. 

ცნობისთვის, ეს მიმდინარე წელს FCA-ის მიერ ავტომობილების უკან გაწვევის უკვე 44-ე ეტაპია. ავტომობილებს, ყველაზე მეტი, 46 გაწვევით Ford-ი ლიდერობს. მიმდინარე წელს FCA-მ ჯამში 3.9 მილიონამდე ერთეული ავტომობილი გაიწვია უკან, ხოლო Ford-მა თითქმის 4 მილიონი. თუმცა, გაწვეული ავტომობილების რაოდენობით პირველ ადგილზე Tesla-ა, რომელმაც წელს უკან 4.4 მილიონზე მეტი ავტომობილი გაიწვია. 

გაზიარება: