Aa Aa
12 სექტემბერი 2024  |  18:32

Tesla Cybertruck-ის საბურავები 10 000 კილომეტრის გავლის შემდეგ გაცვდა

Tesla Cybertruck-ის უკმაყოფილო მფლობელთა რიცხვი კიდევ ერთით გაიზარდა. თუმცა ამჯერად, მთავარი პრობლემა Cybertruck-ის საბურავები აღმოჩნდა. როგორც Cybertruck-ის ეს კონკრეტული მფლობელი ირწმუნება, მის ავტომობილს ჯერ 10 000 კილომეტრი აქვს გავლილი და მისი საბურავები უკვე „გადასაგდებია“. 

TeslaCybertruckOwners Forum.com-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ელექტრომობილის მფლობელი ამტკიცებს, რომ ის Tesla-ს ყველა მითითებას, ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებით, ზედმიწევნით იცავდა. 10 000 კილომეტრის გავლის შემდეგ, მფლობელმა თავისი Cybertruck-ი რეკომენდებულ შემოწმებაზე მიიყვანა, სადაც გაიგო, რომ მისი მანქანის საბურავები, თითქმის სრულად განადგურებული და გამოსაცვლელი იყო. 

ცნობისთვის, Goodyear Territory All-Terrain-ის საბურავებს გარბენზე გარანტია არ აქვს. ეს ნიშნავს იმასაც, რომ კომპანიას, რაიმე კონკრეტული დრო არ აქვს მითითებული, თუ რა კონკრეტულ კილომეტრაჟზე გაძლებს მის მიერ წარმოებული საბურავები. ბოლო შემოწმებაზე, პროექტორების სიღრმე წინა საბურავებისთვის 4/32 დუიმით, ხოლო უკანა საბურავებზე 5/32 დუიმით შეაფასეს. როგორც წესი, 4/32-იან მაჩვენებელს საბურავები მათი სარგებლობის ვადის ბოლოს უახლოვდება. 

მსგავსი შემთხვევა, მხოლოდ 10 000 კილომეტრის გავლის შემდეგ, საკმაოდ იშვიათია. დიდი შანსია, რომ საბურავების მხოლოდ ეს კონკრეტული კომპლექტი იყო დეფექტიანი. თუმცა მეორე ვარაუდიც არსებობს - შესაძლოა საბურავებმა მანქანის წონას ვერ გაუძლო, ამ დაწოლის შედეგად კი საბურავები გაიცვითა. 

საინტერესოა, რომ ეს Tesla ერთადერთი ელექტრომობილი არაა, რომელსაც მსგავსი პრობლემა შეექმნა. დაახლოებით ერთი წლის წინ, 10 000 კილომეტრის გავლის შემდეგ, საბურავების გაცვეთის ფაქტზე საუბრობდა Rivian-ის ერთ-ერთი მფლობელი. 

მაგრამ ეს პრობლემა ნაწილობრივ Rivian მანქანებზე "Conserve" რეჟიმით იყო განპირობებული. ამ რეჟიმის გამოყენებით, მოდელები წინა ამძრავი ავტომობილების მსგავსად მუშაობენ. შედეგად იზრდება დატვირთვა წინა საბურავებზე, რაც იწვევს სწრაფ ცვეთას. ამას ემატება ამ ელექტრომობილების მძიმე წონაც, რაც საბურავების სწრაფი ცვეთის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. 

გაზიარება: