ლამბორგინი, ლამბორგინი ტემერარიო, ლამბორგინი ჰურაკანი
Aa
Aa

Lamborghini Temerario-ს სიმძლავრემ შესაძლოა 1 000 ცხ.ძ-ს გადააჭარბოს

Lamborghini-ის ახლადგამოშვებული Temerario-ს მართვის გამოცდილება ჯერ არავის მიუღია, თუმცა კომპანია, უკვე მის ძლიერ ვერსიებზე ალაპარაკდა. როგორც Lamborghini-ს გუნდში ამტკიცებენ, მომავალი წლების განმავლობაში Temerario-ს ბევრად უფრო მძლავრ მოდელებს უნდა ველოდოთ.

Lamborghini-ის განვითარებისა და კვლევის განყოფილების ხელმძღვანელმა რუვენ მორმა Top Gear-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ჰიბრიდული V8 ძრავის მიერ გამომუშავებული 789 ცხენის ძალა ჯერ მხოლოდ დასაწყისია. მორის თქმით, როგორც შიგა წვის, ისე ელექტროძრავების სისტემებს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვთ.

„არსებული კონფიგურაციით, ძრავის მოცულობის ერთ ლიტრზე გამომუშავება 200 ცხენის ძალას უდრის, თუმცა ეს მაჩვენებელი, ჩვენ, შეგვიძლია 220 ცხენის ძალამდე გავზარდოთ“. 

ამჯერად, უახლესი Temerario ორტურბინიანი, 4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი და 789 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს მნიშვნელოვნად აჭარბებს Huracan-ის ატმოსფერული V10-ის მონაცემებს, რომლის სიმძლავრეც 631 ცხენის ძალას აღწევს. მორის წინასწარი პროგნოზებით, V8 ძრავის 79 ცხ.ძ-ით გაზრდა შესაძლებელია, რაც შიგა წვისთვის საერთო სიმძლავრეს 868 ცხენის ძალამდე გაზრდის. ამას ემატება ჰიბრიდული სისტემის 148 ცხენის ძალა, რომლის გაძლიერებაც მხოლოდ ძაბვის აწევით შეიძლება.

„ძრავისთვის ოთხნიშნა მაჩვენებელის დაფიქსირება შესაძლებელია,“ - ამბობს მორი. „დიდი ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია, ეს ნათელია.“

მორი ასევე აღნიშნავს, რომ Lamborghini განიხილავდა Temerario-ს V6 ძრავით აღჭურვას, რადგან ექვსცილინდრიანი ძრავა კომპანიას საჭირო სიმძლავრის მიღწევაში დაეხმარებოდა:

„მაგრამ მივხვდით, რომ ბრენდის პოზიციონირებისთვის, V8-დან V6-ზე გადასვლა დიდი ცვლილება იქნებოდა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ V6 შეესაბამება ჩვენს ბრენდს,“ - დასძენს ის და აღნიშნავს, რომ V8 მძღოლისთვის უფრო ემოციურ გამოცდილებას ქმნის, ვიდრე V6, თუმცა პირდაპირ არ ახსენებს კონკურენტებს Ferrari-ს და McLaren-ს, რომლებიც თავიანთი საბაზისო მოდელებისთვის სწორედ V6 ძრავებს იყენებენ.

მსგავსი სიახლეები