Ford-მა ელექტრომობილებით 1.1 მილიარდი იზარალა და ყველა კმაყოფილია
Ford-მა 2026 წლის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელმაც აჩვენა, რომ კომპანიის ელექტრომობილების მიმართულება, Model e, კვლავ სოლიდურ ზარალს განიცდის. მიუხედავად ამისა, ფინანსური დანაკარგების შემცირების ტენდენცია აშკარაა — კომპანიის ვარაუდით, ეს პროცესი 2029 წლამდე გაგრძელდება, როდესაც ელექტრომობილების ბიზნესი საბოლოოდ მომგებიანი გახდება.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?
Ford-მა Model e განყოფილება 2022 წელს ჩამოაყალიბა, რათა ელექტრომობილების მიმართულება, ტრადიციული შიგაწვის ძრავების და კომერციული ტრანსპორტის სექტორების პარალელურად, ცალკე ემართა. მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში Model e-მ $1.1 მილიარდი დოლარის ზარალი დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კოლოსალური თანხაა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით ზარალი 25%-ით შემცირდა.
ეს დანაკარგი დაფიქსირდა $1.2 მილიარდი დოლარის შემოსავლის ფონზე, რაც წლიურ ჭრილში 31%-ით ნაკლებია. შემოსავლების კლება ძირითადად სადილერო ქსელში ავტომობილების მიწოდების შემცირებამ გამოიწვია — გასული წლის 50 000 ერთეულიდან მიწოდება 34 000-მდე შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი 2025 წლის ბოლოს F-150 Lightning-ის წარმოების შეჩერება და წლის განმავლობაში Mustang Mach-E-ს დაბალი გაყიდვები გახდა.

Ford-ის პროგნოზით, 2026 წელს Model e-ს სრული წლის ზარალი დაახლოებით 4 მილიარდს შეადგენს, რაც უკეთესი მაჩვენებელია გასული წლის 4.8 მილიარდსა და 2024 წლის პიკურ 5.1 მილიარდიან ზარალთან შედარებით. პარალელურად, შიგაწვისა და კომერციული განყოფილებები დანაკლისს სრულად აბალანსებენ. ამერიკული ავტომწარმოებლის საოპერაციო მოგება წელს ჯამურად 11 მილიარდ დოლარამდე იქნება.
საბოლოო ჯამში, მოგებაზე გასვლის მთავარ გარანტად Ford-ის სრულიად ახალი Universal Electric Vehicle პლატფორმა მოიაზრება. წარმოების ხარჯების შემცირების მიზნით შემუშავებული ეს არქიტექტურა, Ford-ის გენერალური დირექტორის თქმით, ჩინურ ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობის გამოცდილებას ეფუძნება.

ახალ პლატფორმაზე სულ მცირე ხუთი სხვადასხვა მოდელი აეწყობა — პირველი მოდელი საშუალო ზომის ელექტრო პიკაპი Fathom-ი იქნება, რომლის საწყისი ფასიც სულ რაღაც $28 350 დოლარი იქნება, რაც მას ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ელექტრომობილად აქცევს. UEV პლატფორმას ასევე გაიზიარებს მომავალი თაობის Escape-ი, საშუალო ზომის ქროსოვერი, სატვირთო ფურგონი და, შესაძლოა, სედანიც.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს