მერსედესი, მერსედეს ჯი-კლასი, მერსედეს ჯი-ვაგენი, ბოდო ჯი-ვაგონი
Aa
Aa

არც ისე სერიოზული G-Class-ი ძალიან პატარა ელექტროძრავით

Mercedes-ი მცირე ზომის G-Class-ზე მუშაობს, რომელიც რეალური G-Wagen-ის სულისკვეთებას ახლა უკვე კომპაქტური SUV-ების ბაზარზე გადმოიტანს. თუმცა, მათთვის, ვინც ახალ მოდელს მოუთმენლად ელის, ლეგენდარული ყველგანმავლის კიდევ უფრო პატარა ვერსია უკვე არსებობს. ფოტოზე წარმოდგენილ G-Class-ის ასლს მხოლოდ პატარა ელექტროძრავა აქვს და არც რეალური G-Wagen-ის შესაძლებლობები გამოარჩევს, თუმცა G-კლასის იერსახის შენარჩუნებას მაინც ახერხებს.

გაიცანით Bodo G-Wagon-ი. ტექნიკურად ეს მოდელი გოლფის მანქანაა, რის გამოც გზატკეცილზე გასასეირნებლად ნამდვილად არ გამოგადგებათ. თუმცა გოლფის მოედნებზე ან დახურულ დასახლებებში სამოგზაუროდ, ნამდვილად ხელსაყრელია. გასაკვირიც არაა, რომ მისი ერთ-ერთი მოდელი ცოტა ხნის წინ აუქციონზე სოლიდურ ფასადაც გაიყიდა.

ერთი შეხედვით, გოლფის მოედნისთვის გათვლილი ელიტარული მოდელი რეალურ G-Wagen-ს გვახსენებს, თუმცა შედარებით პატარა ზომის ბორბლები მას მალევე გასცემს. Mercedes-ის რამდენი ემბლემაც არ უნდა დააკრათ ცხაურზე, ცხადია, რომ ეს ნამდვილი G-Wagen-ი არ არის. მიუხედავად ამისა, გამყიდველი ამტკიცებს, რომ ის გოლფის სხვა მოდელებთან შედარებით „ბევრად მიმზიდველია“ და სხვებისგანაც მარტივად გამოგარჩევთ. დიზაინსაც თუ შევხედავთ, რთულია მას არ დავეთანხმოთ.

Bodo G-Wagon-ი მდიდრული მოდელებისთვის დამახასიათებელი დიზაინერული შტრიხების გადმოტანას სალონშიც ცდილობს. სავარძლებზე გამოყენებული მასალა შორიდან ტყავს ჰგავს, მაგრამ ახლოდან აშკარაა, რომ თქვენ უფრო სათამაშო მანქანაში ზიხართ, ვიდრე მდიდრულ ჯიპში. განცხადების თანახმად, გოლფის მოდელი „სრული ზომის მანქანის კეთილმოწყობითაა“ აღჭურვილი, რომელიც სრულად ციფრულ კაბინას, უკანა ხედვის კამერებს და მათ შორის, მგზავრებისთვის ეკრანსაც გულისხმობს.

AMG-ის ნიშნების მიუხედავად, Bodo G-Wagon-ი კაპოტის ქვეშ ხმაურიან V8 ძრავას არ მალავს. სინამდვილეში, მას შიგაწვის ძრავაც კი არ აქვს, რადგან ეს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილია. ერთი ელექტროძრავი მოკრძალებულ 20 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მაქსიმალურ სიჩქარეს 56 კმ/სთ-ზე აღწევს. უნდა ითქვას ისიც, რომ 10 კვტ/სთ სიმძლავრის ლითიუმის აკუმულატორის დახმარებით, ერთი დამუხტვით მოდელს 129 კმ-მდე დაფარვის დიაპაზონი აქვს.

და ბოლოს ფასი: არ გეგონოთ, რომ მოკრძალებული ზომებისა და შესაძლებლობების გამო ამ მოდელს იაფად შეიძენთ. ერთი თვის წინ Bodo G-Wagon-ი $32 000-ად გაიყიდა, ახლა კი მისი ღირებულება $40 000-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები