მოდიფიცირება, მდიდრული, როლს-როისი, მენსორი
Aa
Aa

სიმდიდრის განსაზღვრება: Rolls-Royce სრულად 24-კარატიან ოქროში

Rolls-Royce-ზე ალბათ ყველას სიმდიდრე და ფუფუნება გვახსენდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ბრენდის მოდერნიზებული მოდელები ყველა მოლოდინს და სიტყვა „ფუფუნებასაც“ კი სცდება. ეს უკანასკნელი კი, ბევრისთვის საჭიროა იმისთვის, რომ უბრალო გამვლელებსაც, მათი Rolls-Royce სხვებში არ აერიოთ.

იმ მფლობელებისთვის, რომელთაც სურთ, რომ მათი მანქანა უდავოდ განსხვავებული იყოს, ყველაზე პოპულარული და სტანდარტული გაჩერება კვლავ Mansory-ია. გერმანული ტიუნინგ კომპანია წლებია მოდერნიზებულ მოდელებზე მუშაობს და ამ პერიოდში, სხვადასხვა ბრენდის არაერთი გამორჩეული ვერსიაც შემოგვთავაზა. უახლესი პროექტი კი, Wraith-ზეა დაფუძნებული, რომელსაც გერმანელებმა Linea d’Oro უწოდეს.

Linea d’Oro ტიუნინგ კომპანიის ყველაზე უცნაური Rolls-ისგანაც კი შორსაა. პირველი, რაც ყველას თვალში ხვდება, რა თქმა უნდა, მოდელის შავი ფერის კორპუსი და ოქროსფერი აქცენტებია, რომელიც მაშინვე ყურადღებას იპყრობს.

და ეს გაფორმება უბრალო არ გეგონოთ: კარბონის ნაწილების გასწვრივ ნამდვილი 24-კარატიანი ოქროა მოფენილი.  ის კაპოტზე, წინა სპლიტერზე, ჰაერის შემშვები მილების ჩარჩოებსა და ფანჯრის ჩარჩოებზეა განთავსებული. ოქროსფერი დეტალები სპოილერსა და უკანა დიფუზორზეც ვრცელდება და მანქანას, თითქმის სრულად ფარავს.

Mansory ამით არ შემოიფარგლება. წინა ცხაურს, Spirit of Ecstacy-ს და უზარმაზარ კარბონის დისკებს ასევე ოქროსფერი საფარი აქვს. კარბონისა და 24 -კარატიანი ოქროს თემატიკა ინტერიერშიც გრძელდება. და სურვილის შემთხვევაში, ოქროს მორთულობის დამატება ბამპერსა და მაშუქებზეც შესაძლებელია. პატარა ოქროსფერი დეტალებია კონსოლზე და კარების პანელებზე, სავარძლებისთვის კი სრულიად ახალი ტყავია გამოყენებული.

ამ კონკრეტული მანქანის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი. თუმცა Mansory, Wraith-ის შემთხვევაში, ტვინტურბო V12 ძრავის ტიუნინგის პაკეტებს გვთავაზობს. გარკვეული კორექტირებით, მანქანის სიმძლავრემ შესაძლოა 700 ცხენის ძალას მიაღწიოს, რაც მსგავსი სახის მოდელისთვის, საკმარისზე მეტია.

 

მსგავსი სიახლეები