ჩინეთი, ელექტრომობილები, პორშე, პორშე კაიმანი, პორშე 718 ბოქსტერი
Aa
Aa

Porsche კრიზისის გაღრმავებაში ელექტროფიკაციას ადანაშაულებს

Porsche-ს ისტორიაში საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. სპორტული და მდიდრული მანქანების გერმანული ბრენდი ჩინეთში გაყიდვების შემცირების პრობლემას, მაღალ ტარიფებსა და ელექტრომობილებში მკაცრ კონკურენციას აწყდება. როგორც ამბობენ, ის ელექტრომოდელების ახალი ტალღის გამოშვებასაც კი აჭიანურებს, მათ შორის ელექტრო 718 Boxster-ისა და Cayman-ის შემცვლელების.

Automotive News-ის ახალი ანგარიშის თანახმად, Porsche-ს ცუდ შედეგებში კომპანიის ზედმეტად აგრესიული და მოუქნელი ელექტროფიკაციის სტრატეგიაა დამნაშავე. Warburg Research-ის ანალიტიკოსის, ფაბიო ჰოლსერის შეფასებით, Porsche-ს პრობლემების ცენტრი თავისივე დასახული მიზანია: 2030 წლისთვის, გლობალურად წარმოებული ავტომობილების 80% ელექტრო იყოს.

„იმის გამო, რომ ბატარეებზე მომუშავე ავტომობილების წარმოება გრაფიკს ჩამორჩება, Porsche-ს ახლა მოუწევს დამატებით შიგაწვის ძრავზე მომუშავე მანქანებიც გამოუშვას. ამასთან ერთად, კომპანია BEV-ების წარმოების მაღალ ხარჯებს, ჩინეთში შესუსტებულ მოთხოვნასა და ტარიფებზე არსებულ გაურკვევლობასაც უნდა გაუმკლავდეს“, - განუცხადა ჰოლსერმა Automotive News-ს.

Porsche-მ, მხოლოდ თებერვლის თვეში, კვლევისა და წარმოების მიმართულებით 1 900 სამუშაო ადგილი შეამცირა. მიზეზად, ელექტრომობილებზე გადასვლის დაბალი ტემპი დასახელდა. ჰოლსერის განცხადებით, Porsche-ს „უფრო მოქნილი წარმოების მიდგომა“, რომ დაენერგა, მსგავს სიტუაციაშიც არ აღმოდჩნდებოდა. მაგალითად, მეტი plug-in ჰიბრიდითა და გაზიარებული პლატფორმებით, როგორც ეს BMW-მ გააკეთა.

ამას ემატება ჩინეთში გაზრდილი კონკურენცია, სადაც მოთხოვნის ზენიტში ადგილობრივი მწარმოებლები არიან. მათ შორის BYD და Xiaomi ბაზარს ახალ და მაღალტექნოლოგიურ ელექტრომობილებს სთავაზობენ, თანაც შედარებით ხელმისაწვდომ ფასად, რაც მათ გაყიდვებს ზრდის. სამაგიეროდ კი, ჩინეთში უცხოური ბრენდების გაძლიერებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

 

მსგავსი სიახლეები