საავტომობილო გზები, გზების მშენებლობა
Aa
Aa

სად გაივლის და როდის დაიწყება თბილისი-რუსთავის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა

თბილისი-რუსთავის მაგისტრალური გზის დარჩენილი მონაკვეთის სკოპინგის დასკვნა სექტემბრის დასაწყისში ძალადაკარგულად გამოცხადდა. გაუქმების მიზეზი გახდა ის ცვლილებები, რომელიც საპროექტო გზის მშენებლობა/მოდერნიზაციის პროექტში შევიდა. აღნიშნული გზის მონაკვეთს თავდაპირველად ფონიჭალაზე უნდა გაევლო, თუმცა პროექტი მოსახლეობის პროტესტის ფონზე 2019 წელს შეჩერდა.

უკვე ახალ მარშრუტს კი, რომლის სკოპინგის დასკვნაც გაუქმდა, ფონიჭალისთვის გვერდი უნდა აევლო. „ბიზნესპრენიუსს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, რომ „სკოპინგის ანგარიშში განხილული მარშრუტი არ იცვლება“. თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მეორე მონაკვეთის „საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება დასრულების ეტაპზეა“. 

რაც შეეხება ვადებს, აღნიშნული გზის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2026 წლის დასაწყისიდან. ხოლო მშენებლობის განხორციელების ვადა 36 თვეზეა გაწერილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-რუსთავის მაგისტრალური გზის აღნიშნული პროექტი თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის ნაწილია. საპროექტო მონაკვეთი რამდენიმე ლოტად არის დაყოფილი. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული ფონიჭალა-რუსთავის პროექტი გზის მეორე მონაკვეთია. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-რუსთავის 17 კმ-იანი საავტომობილო გზის დასრულებული 13.5 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი 2018 წლიდან სარგებლობს.

მსგავსი სიახლეები