„საუკეთესო M-ების“ კოლექცია აუქციონზეა გამოტანილი | რომელი მოდელები იქნება წამოდგენილი?
RM Sotheby's-ზე შესაძლოა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო აუქციონის მომსწრეები გავხდეთ. „საუკეთესო M-ების“ კოლექცია, BMW-ის მიერ ისტორიის განმავლობაში წარმოებულ საუკეთესო წარმადობის მქონე M-ებს აერთიანებს და მისი ღირებულება, სავარაუდოდ, $4.2 მილიონს მიაღწევს.
BMW M-ის თითქმის 53-წლიანი არსებობის განმავლობაში წარმოებული მოდელებიდან, საუკეთესოს დასახელება ალბათ ბევრს გაუჭირდება. მაგრამ დიდი შანსია, რომ თქვენს რჩეულს ამ კოლექციაში აღმოაჩენთ. კოლექცია 1975 წლის Turbo 2002-ით იწყება. ეს მოდელი Alpina-ს დისკებითა და 5-სიჩქრიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, მშვენივრად გამოიყურება. აქვე აღმოაჩენთ 1980 წლის M1-ის „სუპერმანქანას“, რომელიც BMW M-ის წითელ, იისფერ და ლურჯ ზოლებშია წარმოდგენილი. RM Sotheby's-ის შეფასებით, მისი ღირებულება შესაძლოა 600 000 ევრომდეც კი გაიზარდოს.
„საუკეთესო M-ის“ კოლექცია რამდენიმე M3-ს, მათ შორის ერთს მძლავრი 2.5-ლიტრიანი Sport Evo-ს კუპეს მოიცავს, აქვეა 1990-იანი წლების სხვა კლასიკური მოდელები - Z1 და 1995 წლის E36 M3-ები, რაც მთავარია Evolution-ის ვერსია, 3-ლიტრიანი S50-ის 6-ცილინდრიანი ძრავით.
ძნელია გამოგვრჩეს Dakar Yellow-ს კაბრიოლეტი და ჰომოლოგაციის წესების დაცვით შექმნილი British Racing Green GT, რომელიც 100-140 000 ევროს ფარგლებშია. არც სხვა მოდელები უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ, მათ შორის E46 M3 CSL, Z3 M კუპე და E82 1M, ასევე ნაკლებად ცნობილი ავტომობილები, 2003 წლის Alpina Roadster (Alpina-ს ვერსია Z8-ზე) და E90 M3 CRT, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი BMW-ია.
თუმცა, თანამედროვე M-ების მოყვარულებს შესაძლოა ამ კოლექციაში რამდენიმე ავტომობილი დააკლდათ. მაგალითად, 2016 წლის M3 GTS და 2023 წლის M4 CSL. იმის დიდი შანსიცაა, რომ ბოლომდე კმაყოფილნი ვერც სხვა ენთუზიასტები დარჩნენ, რადგან ამ კოლექციაში ისეთ მონსტრებს ვერ ვხედავთ, როგორებიცაა X5M და 1970-იანი წლების 3.0 CSL. და თქვენ რომელი მოდელის დამატებას ისურვებდით ამ ჩამონათვალში?