Tbilisi Open Air-ის პერიოდში, ლისის ტბის მიმდებარედ, გადაადგილება იზღუდება
24-25 მაისს, Tbilisi Open Air წლევანდელი ღონისძიების პერიოდში, ლისის ტბის მიმდებარედ, ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება. შეზღუდვა 10:00 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს. დანარჩენი პერიოდში, ტრანსპორტი დადგენილი სქემის მიხედვით გადაადგილდება.
ოფიციალური განცხადების თანახმად, კერძო ავტომობილებისთვის მოძრაობა ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით შეიზღუდება. ხოლო კვაჭაძის ქუჩაზე მძღოლები გადაადგილებას ცალმხრივად, მხოლოდ ლისის ე.წ. წრიული გზიდან იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ.
ტრანსპორტი იოსებ კეჭაყმაძის ქუჩიდან ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩების მიმართულებით, თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩების გამოყენებით იმოძრავებს. ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებიდან კი, ავტომობილები ჩვეული მარშრუტით იმოძრავებენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, N329 და N363 ავტობუსები სოფელ თხინვალას მიმართულებით, ცალმხრივად, ლეო კვაჭაძის ქუჩით იმოძრავებენ. ხოლო უკუმიმართულებისას ავთო ვარაზის ქუჩას გაივლიან, რის შემდეგაც, N363 ავტობუსი დადგენილი სქემით გადაადგილდება. N329 ავტობუსი, პაატა დავითაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩების გავლით, ბერიტაშვილის ქუჩას დაუკავშირდება, საიდანაც სტანდარტული სქემით განაგრძობს მოძრაობას.